პარლამენტმა ამირან ძაბუნიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა. მას მხარი 79 დეპუტატმა დაუჭირა, 10-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
მანამდე, ამირან ძაბუნიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოუსმინეს.
მისი კანდიდატურა პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ასარჩევად 2021 წლის 20 დეკემბერს წარუდგინა.
***
მანამდე, 1-ელ დეკემბერს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 4 კანდიდატი უვადოდ დანიშნა.
მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას არ დასწრებია სახალხო დამცველის აპარატი. ამასთან, დასწრებაზე უარი თქვა ევროკავშირის წარმომადგენლობამაც. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ფრაქციებმა ლელომ და რეფორმების ჯგუფმა.
არასამთავრობო ორგანიზაციები, აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოები მოუწოდებდნენ ქართულ ოცნებას, რეფორმების გატარებამდე შეჩერებულიყო მოსამართლეების დანიშვნა.
მართლმსაჯულების რეფორმაზე საუბარია 19 აპრილის შეთანხმებაში.
შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ სასამართლო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.
ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.
ამასთან, 2021 წლის 12 ივლისს, მმართველმა პარტიამ უარი თქვა, შეესრულებინა 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობა, არ დაენიშნა უვადო მოსამართლეები უზენაეს საქართველოში სასამართლო რეფორმის გატარებამდე და უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა 6 მოსამართლე.