logo
ENG



პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება

01 ნოე 202316:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/01/0j6kcgeipxkblaj.jpeg

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება. პროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილების თანახმად, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრობენ 5 და მეტი წლის განმავლობაში, მიეცემათ შესაძლებლობა, საამისოდ დადგენილი სხვა პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოიპოვონ საქართველოს მოქალაქეობა.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ საქართველოს ორგანულ კანონში 2018 წლის ივლისში განხორციელებული ცვლილებით შეიცვალა მოქალაქეობის მინიჭებისთვის საქართველოში ცხოვრების ცენზი, მათ შორის ჩვეულებრივი წესით მოქალაქეობის მინიჭებისთვის დადგენილი 5-წლიანი ცხოვრების ცენზი 10 წლამდე გაიზარდა.

ავტორების განცხადებით, ამან გარკვეული უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებსაც ამგვარი სტატუსი დაუდგინდათ 2012 წლის შემდგომ, ვინაიდან ამ კატეგორიისთვის განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 10 წლის განმავლობაში კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრების ფაქტის დადასტურება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

"ეს უკავშირდება იმ გარემოებას, რომ მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენა დაიწყო მხოლოდ 2012 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე. ზემოაღნიშნული პირები, ფაქტობრივად, მუდმივად ცხოვრობდნენ საქართველოში, თუმცა, შესაბამისი სტატუსის დადგენა შეძლეს მხოლოდ 2012 წლიდან.

აქედან გამომდინარე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები დღეისათვის კანონიერ საფუძველზე ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა, მითითებული გარემოების გამო უკანასკნელ პერიოდამდე ცხოვრების 10-წლიან ცენზს ვერ აკმაყოფილებდნენ და დამატებით უწევდათ ლოდინი საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის წესით მოსაპოვებლად", - ნათქვამია დოკუმენტში.

პროექტის მიხედვით, დაინტერესებულ პირთა მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებას უზრუნველყოფს სააგენტო.


close დახურვა