პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ბორდის წევრად ვასილ მაღლაფერიძე აირჩია. მასთან ერთად, ასევე აირჩიეს ლაშა ტუღუში, ლიკა ბასიალაია-შავგულიძის არჩევას კი მხარი არ დაუჭირეს.
ვასილ მაღლაფერიძე ქართუმა ოცნებამ წარადგინა კანდიდატად, ლაშა ტუღუში სახალხო დამცველის, ხოლო ლიკა ბასილაია-შავგულიძე კი ნაციონალური მოძრაობის კვოტით იყო წარდგენილი.
ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი იყო. მან ტელევიზია 2020 წლის 18 აგვისტოს დატოვა და მიზეზად წინასაარჩევნო პერიოდში არხის მიუკერძოებლობასთან დაკაშირებული კითხვების თავიდან არიდება დაასახელა.
ამასთან, მან გამორიცხა პოლიტიკური გეგმები და თქვა, რომ მუშაობას ტელესკოლაში, საგანმანათლებლო პროექტებზე გააგრძელებდა.
ამის მიუხედავად, 2021 წლის იანვარში ვასილ მაღლაფერიძე ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი გახდა.
ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი 2017 წელს გახდა. მანამდე ის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ტელევიზია GDS-ზე მუშაობდა.