ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
საკანონმდებლო პაკეტში ყურადღება გამახვილებულია შრომითი ინსპექციის გაძლიერებაზე. ასევე, ერთ-ერთი ძირითადი საკითხია ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება. კანონპროექტით, დედებთან ერთად შვებულებით სარგებლობა მამებსაც შეეძლებათ.
გარდა ამისა, კანონპროექტში ზუსტდება ქალისა და მამაკაცის თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების პრინციპი, იკრძალება არასრულ განაკვეთზე მომუშავე პირების მიმართ განსხვავებული მოპყრობა, სტაჟირებასა და გამოსაცდელ ვადაზე, თანამშრომლებისთვის შვებულების მიცემასა და ა.შ.
კანონპროექტის დასამტკიცებლად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენაზე მისი მხარდაჭერა.
კანონპროექტი წარმოადგენს პარლამენტის წევრების: დიმიტრი ცქიტიშვილის, სოფიო კილაძის, დავით მათიკაშვილის, თამარ ჩუგოშვილის, ირაკლი კობახიძის, რატი იონათამიშვილის, თამარ ხულორდავას საკანონმდებლო ინიციატივას.