logo
ENG



პარლამენტში კვორუმი ვერ შედგა - რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა

05 ივლ 202312:48
3 წუთის საკითხავი
 
პარლამენტში კვორუმი ვერ შედგა - რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა

პარლამენტში კვორუმი ვერ შედგა, შესაბამისად რიგგარეშე პლენარული სხდომა ჩაიშალა. რეგისტრაცია მხოლოდ 65-მა დეპუტატმა გაიარა, სხდომის გახსნისთვის კი 76 დეპუტატი არის საჭირო.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, უმრავლესობის დეპუტატებიდან ადგილზე საკმარისი რაოდენობა არ იყო, ოპოზიციამ კი უარი თქვა რეგისტრაცია გაევლო. მათი მიზანი თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვის გადადება იყო.

ოპოზიციის ნაბიჯს კრიტიკა მოჰყვა მმართველი გუნდიდან. ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველოში უმრავლესობიდან საკმარისი დეპუტატი არ იმყოფება, რის გამოც დამოუკიდებლად კვორუმს ვერ შექმნის. მან ასევე გააფრთხილა ოპონენტები, რომ "შვებულება არ იქნება".

"ბუნებრივია, მცდელობასაც ვერ შევძლებთ, რომ დღეს კვორუმი შევკრათ. თავის დროზე ჩვენი პატივსაცემი კოლეგები ამას უწოდებდნენ საბოტაჟს. კარგია, რომ დაფიქსირდა, რომ ეს ყოფილა საპარლამენტო ინსტრუმენტი. როდესაც ჩვენი კოლეგები ჩამოვლენ უცხოეთიდან, როდესაც ფრანკოფონიის ღონისძიებებიც მორჩება, ეს იქნება აგვისტოს რიცხვები თუ ივლისის ბოლო რიცხვები, მობრძანდებით და იმუშავებთ. ეს გაუკეთეთ ახლა საკუთარ თავს. მერე რომ იხვეწებოდნენ შვებულებებს, შვებულებები არ იქნება. როცა ვიტყვით, როცა შევიკრიბებით, მობრძანდებით და იმუშავებთ", - თქვა მამუკა მდინარაძემ.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა, რომ დღეს ოპოზიციის "გირჩიზაცია" მოხდა.

პარტია გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ რეგისტრაციის დროს თაღლითობა დაფიქსირდა. იგი ამბობს, რომ სავარაუდოდ დეპუტატმა როსტომ ჩხეიძემ რამდენიმე დეპუტატის ნაცვლად გაიარა რეგისტრაცია. მისი თქმით, ნიკა მაჭუტაძე, თაკო ჩარკვიანი და გუბაზ სანიკიძე დარბაზში არ ყოფილან, თუმცა რეგისტრაცია გავლილი აქვთ.

"ვიცით ვინ იყვნენ დარბაზში და ვინ არ იყო. გადაღებულია ყველანაირი ვიდეო. მანამდე ჰერმან საბომ, რომელიც ზემოდან ათვალიერებდა დარბაზს გამოიჭირა როსტომ ჩხეიძე რამდენიმე ადგილას თითს აჭერდა ღილაკს და დაუყვირა რას სჩადიხართ ბატონო როსტომო, ამის შემდეგ დაანება თავი ამის კეთებას, თორემ ამ ოთხი ადამიანის გარდა კიდევ მეტს დაარეგისტრირებდა", - განაცხადა ხვიჩიამ.

პარტია გირჩი თავდაცვის კოდექსში ცვლილებების მიღების წინააღმდეგია და მას გამანადგურებელს უწოდებს.


close დახურვა