logo
ENG



პენიტენციური: დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია

20 ოქტ 202617:15
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/20/e1x2jl1267zjvyu.png

პენიტენციური სამსახური ეხმიანება ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც №8 პენიტენციურ დაწესებულებაში 16 ოქტომბრის შემდეგ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ თანამესაკნეების მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა.

პენიტენციურის მტკიცებით, გავრცელებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

"აქვე განვმარტავთ, რომ დღეს ადვოკატთა შეხვედრების ოთახში ბრალდებული ფეიქრიშვილი გამოყვანილი იყო მის ადვოკატთან შესახვედრად, რა დროსაც მან მოულოდნელად, სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი, ჩაამტვრია ადვოკატთან შეხვედრების ოთახის მიმდებარედ დერეფანში არსებული ფანჯრის მინა და მინის ნატეხით თვითდაზიანებით იმუქრებოდა, ამასთან, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა. პატიმრები მის პროვოკაციულ მოწოდებას არ აჰყვნენ და მას ამ საქციელის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი მიაყენეს. დავით ფეიქრიშვილი ითხოვდა მის ძმასთან შეხვედრას, მაგრამ ვინაიდან ძმები ფეიქრიშვილები ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით არიან ბრალდებულნი, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე დაწესებულებაში მათი გადაკვეთა დაუშვებელია.

აქვე აღვნიშნავთ, რომ, ვინაიდან უკვე რამდენიმე დღეა, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია დავით ფეიქრიშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, 19 ოქტომბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა იშუამდგომლა საქართველოს პროკურატურასთან (რომლის გადაწყვეტილებითაც, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ბრალდებულს შეზღუდული აქვს პაემნების და სატელეფონო საუბრების უფლება). პროკურატურამ გაითვალისწინა პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობა და ბრალდებულს მიეცა ერთჯერადად ოჯახთან (დედასთან) სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ თავად ბრალდებულის დედა 19 ოქტომბერს მედიასაშუალებებში გავრცელებულ კომენტარში ცალსახად აცხადებდა და შვილმაც დაუდასტურა, რომ კარგად არის და ბრალდებულის ადვოკატიც დედასთან საუბარში ერთმნიშვნელოვნად უარყოფდა დავით ფეიქრიშვილზე ციხეში ვინმეს მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს.

ამდენად, სპეციალური პენიტენციური სამსახური ძმებ ფეიქრიშვილების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს უწყების დისკრედიტაციის მცდელობის გაგრძელებად და მიზანმიმართულ კამპანიად აფასებს და მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ძმები ფეიქრიშვილების ადვოკატმა პაატა გოგიაშვილმა თქვა, რომ  პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა, აღენიშნება ფიზიკური დაზიანებების კვალიც. 

ადვოკატი აღნიშნავს, რომ დაკავებულს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ვატო ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა იგივე [კაწრომ], შოთა ყიფიანმა, კაჭარავამ და გოცირიძემ. მისი თქმით, ეს ადამიანები იმიტომ დაიჭირეს, რომ ძმები ფეიქრიშვილებისგან მიიღონ ინფორმაცია.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სავალალო, აღენიშნება ფიზიკური დაზიანებების კვალი, რომელიც მას მიადგა 16 ოქტომბრის შემდეგ. მისი გადმოცემით, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ვატო ყიფიანმა, ბილანიშვილმა, შოთა ყიფიანმა, კაჭარავამ და გოცირიძემ.

16 ოქტომბრის შემდეგ მასზე ხორციელდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა. ისეთ უკიდურეს მდგომარეობაშია, რომ მიიყენა ფიზიკური დაზიანებები.

ეს სამი პიროვნება იმის გულისთვის არიან დაჭერილები, რომ ძმები ფეიქრიშვილებისგან მიიღონ ინფორმაცია, ითხოვენ მობილურ ტელეფონზე დაყენებულ კოდს. გოგა ფეიქრიშვილსაც აქვს დაზიანება, გუშინ ვენები გადაიჭრა, რადგან ძმის სიცოცხლე გადაერჩინა",- თქვა ადვოკატმა "ფორმულასთან".

მანამდე, პატიმრობაში მყოფი ტყუპი ძმების, დედა, ნინო აბრამიშვილი, აცხადებდა, რომ მისი ერთ-ერთი შვილი, დავით ფეიქრიშვილი, ნაცემია და შვილთან შეხვედრას ითხოვდა.

გლდანის ციხიდან კლინიკა "ვივამედში" პატიმარი დავით ფეიქრიშვილის გადაყვანა კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ დაადასტურა დღეს. ჩხაიძე აღნიშნავს, რომ ფეიქრიშვილი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს.

ჩხაიძის თქმით, პატიმარი დაკვირვების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციებით გაწერეს ციხის სამკურნალო დაწესებულებაში.


close დახურვა