დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, შოთა ყიფიანს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლევან გელოვანმა მიიღო.
პროცესს არც ერთი ბრალდებული არ დასწრებია.
პროკურატურამ, პატიმარ დავით ფეიქრიშვილის საკანში ცემის ფაქტზე ბრალდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, N8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარუდგინა.
გიორგი პატარიძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაზ ფირცხალავას კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
რაც შეეხებათ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, შოთა ყიფიანს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას, მათ ბრალდება დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინეს.
თავდაპირველად, პატიმრობაში მყოფი ტყუპი ძმების, დედა, ნინო აბრამიშვილი, აცხადებდა, რომ მისი ერთ-ერთი შვილი, დავით ფეიქრიშვილი, ნაცემია და შვილთან შეხვედრას ითხოვდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმარ დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას მისი ცემის შესახებ, კატეგორიულად გამორიცხავდა.
ძმები გიორგი და დავით ფეიქრიშვილები 22 სექტემბერს დააკავეს. 23 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ტყუპ ძმებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, პატიმრობა შეეფარდა ასევე მათ პირად მცველს, ალექსანდრე ჩაფოძეს. გიორგი ფეიქრიშვილს ედავებიან დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ბიზნესმენ რატი გურგენიშვილისთვის, ბრალდება 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დავით ფეიქრიშვილსა და ალექსანდრე ჩაფოძეს ჯგუფურ ხულიგნობას ედავებიან, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ფეიქრიშვილების სახელი ბოლო წლებში არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს. ძმები 2016 წელს, იარაღის უკანანო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის იყვნენ დაკავებული, მათი სახელი უკავშირდებოდა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, სოსო ჯოხაძის მკვლელობის საქმეს, 2020 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ იგეგმებოდა ფეიქრიშვილების აფეთქება, რისთვისაც 6 პირი დააკავეს. 2023 წელს დავით ფეიქრიშვილი ბრალდებული იყო კრიპტოვალუტის გადამცვლელ ოფისში ყაჩაღობის საქმეზე.
გასულ თვეში დააკავეს ასევე ე.წ კრიმინალური ავტორიტეტები ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად "კაწრო", და შოთა ყიფიანი, ისინი ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 14 ოქტომბერს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში, დაკავებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს, რომლის ვინაობაც უცნობია და რომელმაც, პროკურატურის ინფორმაციით, "ფიზიკური ტკივილი განიცადა". დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამივე ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს.
ვატო ყიფიანს წარსულში არაერთი ნასამართლეობა აქვს; ბოლოს კი საქართველოში 2021 წელს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს მას შემდეგ, რაც ის უკრაინიდან გამოაძევეს.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურამ ყიფიანი კრიმინალურ ავტორიტეტებად ცნობილი ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის ორგანიზების წარუმატებელ მცდელობებში დაადანაშაულა.
რაც შეეხება ავთანდილ ბილანიშვილს იგივე "კაწროს" მედიაში ცნობილია, როგორც ბერა ივანიშვილის მეგობარი.
საზოგადოების ყურადღების ცენტრში პირველად 2019 წელს მოექცა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხა. მოგვიანებით, უწყებამ განაცხადა, რომ ბილანიშვილი საქმის ფარგლებში შესწავლილ ვიდეომასალაში არ ჩანდა.
