logo
ENG



პენიტენციური: რურუას ინციდენტში მონაწილე პატიმრები მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს

04 ნოე 202008:21
3 წუთის საკითხავი
 
52l4z2yu7q5sdzq.jpg

პენიტენციური სამსახურის ცნობით, მთავარი არხის მეწილეზე, გიორგი რურუაზე თავდასხმაში მონაწილე 5 პატიმარი მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში გადაიყვანეს.

პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით, ინციდენტში მონაწილეობის გამო, მათ რეჟიმი გაუმკაცრდათ.

2 ნოემბერს გიორგი რურუას გლდანის მე-8 დაწესებულებაში პატიმრები დაესხნენ თავს. ინფორმაცია თავდაპირველად რურუას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა გაავრცელა. 

მოგვიანებით, თავდასხმის შესახებ ინფორმაცია პენიტენიურმა სამსახურმა დაადასტურა. მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით - ცემა ან სხვაგვარი ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად. გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა როგორც გიორგი რურუა, ასევე ყველა შესაბამისი პატიმარი და ინსპექტორი.

რურუას ადვოკატი საძაგლიშვილი თავდასხმას ხელისუფლების მიერ დაგეგმილს უწოდებს და მას საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს. მისი თქმით, რურუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" მეწილე 30 ივლისს დამნაშავედ სცნო. მოსამართლემ მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გიორგი რურუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 2020 წლის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილია, თუმცა მმართველი გუნდი ამ პირობას დღემდე არ ასრულებს.

 


close დახურვა