პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთან შეხვედრაზე მისული პირისთვის რაიმე სახის კორესპონდენციის გადაცემა და გამოტანა სპეციალური პენიტენციური სამსახურის არც ერთ დაწესებულებაში არ ხდება.
მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოხვდა, ყოველდღიურად ადვოკატებსა და მასთან შესულ მნახეველებს მისი წერილები გამოჰქონდათ. დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა, რომ წერილის გამოტანის უფლება აღარ მისცეს. გარდა ამისა, ნაყოფიამ თქვა, რომ სააკაშვილის საკანში მინები დაბურეს.
"განვმარტავთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. გაცნობებთ, რომ მინა შეიცვალა მხოლოდ საშხაპე ოთახში, რომელიც რამდენიმე დღის წინ თავად ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა გადაძახილით მიმართვის დროს დააზიანა. ახალ მინას გაუკეთდა დამცავი, გამჭვირვალე ფირი, რომელიც ამცირებს მინის დაზიანების რისკს. ასევე შეუფერხებლად ატარებს მზის სხივს.
რაც შეეხება კობა ნაყოფიას მიერ გაჟღერებულ კიდევ ერთ ბრალდებას, თითქოს, ციხის ადმინისტრაციამ ადვოკატების გარდა, ყველა პირს, სააკაშვილის წერილების გამოტანა აუკრძალა გაცნობებთ, რომ პატიმრობის კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილის მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილის ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება. პირადი ხასიათის კორესპონდენცია კი ადრესატს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით ეგზავნება.
ასევე აღვნიშნავთ, რომ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრაზე მისული პირისთვის რაიმე სახის კორესპონდენციის გადაცემა და მისი მეშვეობით დაწესებულებიდან გამოტანა სპეციალური პენიტენციური სამსახურის არც ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში არ ხდება და სიცრუეა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ეს არის ახალი დაწესებული შეზღუდვა და ვრცელდება რომელიმე ერთ კონკრეტულ ბრალდებულ/მსჯავრდებულზე", - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.