logo
ENG



პენიტენციური: ხანძრის დროს 2 პატიმარი გარდაიცვალა, რამდენიმე კვამლის ინტოქსიკაციით დაშავდა

15 ოქტ 202112:59
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/15/bl8mb2wzr4tfrh8.png

სპეციალური პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 ციხეში გუშინ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი მსუბუქად დაშავდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

რაც შეეხება გარდაცვლილ პატიმრებს, პენიტენციური სამსახურის ცნობით, ისინი დაწესებულების სამეურნეო ნაწილში იყვნენ დასაქმებული.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით განვმარტავთ, რომ N17 პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში გაჩენილ ხანძარს ორი მსჯავრდებულის, რომან ქრისტესიაშვილის და ილია ხიპაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორივე მათგანი დაწესებულების სამეურნეო ნაწილში იყო დასაქმებული.

ასევე კვამლის ინტოქსიკაციის შედეგად მსუბუქად დაშავდა კომპანია ,,ილი ჯგუფის“ (პენიტენციური სამსახურის კვებითი მომსახურების კომპანია) რამდენიმე თანამშრომელიც, რომელთა ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ.

დაწესებულების სამზარეულოს ნაწილში აალება, ჯერჯერობით, დაუდგენელი მიზეზების გამო, დაახლოებით, 14:20 საათზე მოხდა. აღსანიშნავია, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს და არ არსებობდა საფრთხე ხანძრის გავრცელების.  ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა სახელმწიფო ინსპექტორს სამსახურს. ასევე ინფორმირებულია იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზების და გარემოებების დადგენა მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოხდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რუსთავის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაჩენილი ​ხანძრის შედეგად ორი პატიმარი გარდაიცვალა

აღსანიშნავია, რომ პატიმრების გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინვე გავრცელდა, თუმცა მთელი ღამის განმავლობაში უწყება ამ ინფორმაციას არ ადასტურებდა. ხანძართან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო. 

გუშინ, 14 ოქტომბერს, რუსთავის სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში ხანძარი 14:20 საათზე, სამზარეულოში გაჩნდა. სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ის ციხე, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება. ის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია.


close დახურვა