logo
ENG



პენტაგონი: უკრაინა, როგორც ჩანს, სამივე ფრონტზე სტრატეგიული მიზნების მიღწევის გზაზეა

04 ოქტ 202212:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/04/nzzrvy7hu0xlwdw.jpg

აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილე საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, სელესტა ვალანდერი აცხადებს, რომ უკრაინა სამივე ფრონტზე, ხარკივში, დონბასსა და ხერსონში სტრატეგიული მიზნების მიღწევის გზაზეა.

"ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინას გასაოცარი და სტრატეგიული წარმატებები აქვს ფრონტის სამივე მიმართულებით. უკრაინა, როგორც ჩანს, სამივე ფრონტზე სტრატეგიული მიზნების მიღწევის გზაზეა," - თქვა ვალანდერმა.

ვალანდერის განცხადებით, აღნიშნული მიზნის მისაღწევად, საჭიროა ამერიკისგან და მისი მოკავშირეებისგან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელება. ამასთან, ის ამბობს, რომ მნიშვნელოვანია უკრაინელი დამცველების წინსვლა ხერსონის მიმართულებით, სადაც მისი თქმით, უკრაინელების მთავარი მიზანი ოკუპანტებისგან მდინარე დნეპრის დასავლეთ ნაპირის გათავისუფლებაა.

ამასთან, აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილე აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რამდენიმე დღის წინ გათავისუფლებული ქალაქი ლიმანი რუსული ძალების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

1 ოქტომბერს, უკრაინულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი სრულად გაათავისუფლეს. აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა და განაცხადა, რომ მისმა სამხედროებმა ლიმანი დატოვეს.

3 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ჯარმა ხერსონის ოლქში 2 დასახლება, არხანგელსკოე და მიროლუბოვკა გაათავისუფლა. მოგვიანებით ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იაროსლავ იანუშინმა განაცხადა, რომ ორივე ქალაქი რუსი სამხედროებისგან უკვე გათავისუფლებულია.

ხერსონის ნაწილში მარცხი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ აღიარა. უწყებაში ამბობენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ფრონტის გარღვევა შეძლეს, თუმცა ირწმუნებიან, რომ რუსმა სამხედროებმა მანამდე მომზადებულ ტერიტორიებზე განლაგება მოასწრეს და კონკრეტული მიმართულებებით უკრაინელების იერიშის მოგერიება შეძლეს.


close დახურვა