logo
ENG



პესკოვი: დასავლური სანქციების გამო რუსეთის ეკონომიკა სერიოზული ზეწოლის ქვეშაა

02 მარ 202215:16
3 წუთის საკითხავი
 
პესკოვი: დასავლური სანქციების გამო რუსეთის ეკონომიკა სერიოზული ზეწოლის ქვეშაა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო რუსეთის ეკონომიკა სერიოზულ ზეწოლას და დარტყმას განიცდის. 

"არის უსაფრთხოების ზღვარი, არსებობს პოტენციალი, გვაქვს გეგმები. მიმდინარეობს ენერგიული მუშაობა, ფეხზე ვდგავართ". - თქვა მან. 

პესკოვისვე შეფასებით, სანქციები გამოწვეულია "მტრული ხასიათის ქმედებებით, რომელთა მიზანია, შეირყეს მათი ეკონომიკა".

"ამ პირობებში ვიღებთ ზომებს, რომლებიც გვეხმარება რისკების მინიმიზაციაში და დაგვაზღვევს ეკონომიკური რყევისგან. ასეთ პირობებში აუცილებელია ვიმოქმედოთ მტკიცედ, გააზრებულად და ნათლად". - აცხადებს პესკოვი

უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესა. 

დაწესდა პერსონალური სანქციებიც ვლადიმირ პუტინის, სერგეი ლავროვის და რამდენიმე სხვა მაღალჩინოსნის მიმართ. 

სანქციები:

  • შერჩეული რუსული ბანკები ითიშება SWIFT-ის სისტემიდან. ეს შეაჩერებს მათ ოპერირებას საერთაშორისო ბაზარზე და ეფექტურად დაბლოკავს რუსეთის ექსპორტსა და იმპორტს.

  • დაწესდა შემზღუდავი ზომები, რომლებიც ხელს შეუშლის რუსეთის ცენტრალურ ბანკს, ჰქონდეს წვდომა საერთაშორისო რეზერვებზე. ეს ნიშნავს რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების პარალიზებას. ჩვენ გავყინავთ მათ ტრანზაქციებს. რუსული ბანკებისთვის შეუძლებელი გახდება, ლიკვიდურად აქციოს თავისი აქტივები.

  • აიკრძალა რუსული პროპაგანდისტული მედიები Russia Today და Sputnik. 

  • ევროკავშირის ყველამ ქვეყანამ ჩაკეტა საჰაერო საზღვარი რუსული ავიაკომპანიებისთვის. 

სანქციები დააწესეს კერძო კომპანიებმაც. მაგალითად, Google-მა დაბლოკა map-ი. Maersk-მა შეაჩერა გადაზიდვები. შეჩერდა Apple-ის პროდუქციის იმპორტი რუსეთში, ასევე, შეჩერდა ქვეყანაში დასავლური მანქანების შეტანა და სხვა. 


close დახურვა