ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა სინოდის სხდომის ღია ეთერში ჩატარების ინიციატივით გამოდის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკლესიის დისკრედიტაცია არ შეწყდება, - განაცხადა პეტრე ცაავამ „მთავარ არხთან“ საუბრისას.
"ვინაიდან მე ვისმენ მღვდელმთავრების, სინოდის წევრების ბევრ სიცრუეს და ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს, გამოვდივარ ინიციატივით, რომ მომდევნო სინოდის სხდომა ჩატარდეს ღია ეთერში. არის პრეცედენტი. კრეტის კრება ჩატარებულა ღია ეთერში. ე.წ ლაივში გადიოდა მთელი კრება რამდენიმე დღის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, სანამ სინოდის სხდომა არ ჩატარდება ღია ეთერში და კამერები არ დაიდგმება, ეკლესიაში ჩაბუდებული ქვაბ-ავაზაკნი ყოველთვის ეცდებიან საზოგადოების მოტყუებას", - განაცხადა მიტროპოლიტმა.
31 ოქტომბერს სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ პატრიარქის გადაწყვეტილებით ის მღვდელთმთავრობიდან გადააყენეს, ამის შემდეგ მან პატრიარქს "პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი" უწოდა.