პირბადის წესების დარღვევის შესახებ კანონპროექტს პარლამენტში პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.
კანონპროექტის განხილვისას ეკა ბესელია და ანრი ოხანაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ბესელიას განცხადებით, კანონპროექტი ბუნდოვანია და კითხვებს აჩენს. ანრი ოხანაშვილმა კი მას კვალიფიკაცია დაუწუნა.
„თუ ეუბნები მოქალაქეს, რომ ეს ვირუსი ყველასთვის საფრთხის შემცველია და ყველას შეიძლება შეეხოს, პარლამენტის წევრი პირველი უნდა აჩვენებდე, რომ არ უნდა მოიხსნა ეს ნიღაბი. რამდენჯერაც ხელით ვეხებით, აზრი არ აქვს ამ ნიღბის ტარებას. ესე იგი 100-ჯერ უნდა შეცვალოს ნიღაბი დღეში მოქალაქემ. ასე გაუგებრად კი არ უნდა დაიწეროს ეს კანონპროექტი, გასაგებად უნდა ეწეროს რას ეხება და რას არ ეხება. დადგენილებაში არ უნდა ეძებოს მოქალაქემ ადგილებს ჩამონათვალი“, - განცხადა ეკა ბესელიამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანტი ოხანაშვილის განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსი ბლანკეტურ ნორმებს არ იცნობს, შესაბამისად უფრო მეტად გასაგებად კანონპროექტის დაწერა ვერ მოხდებოდა.
„ახალი აღმოჩენაა ქალბატონ ეკა ბესელიასი, რომ სისხლის სამართლის კოდექსი ბლანკეტურ ნორმებს არ იცნობს. იურისტებო ჩაინიშნეთ, რომ სისიხლის სამართლის კოდექსი თურმე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, ბლანკეტურ ნორმებს არ იცნობს. ასეთი წლის სენსაციური „იურიდიული“ განცხადება, არ მეგონა, თუ ამ პარლამენტში იქნებოდა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ეკა ბესელიამ ანრი ოხანაშვილი სისულელეების საუბარში დაადანაშაულა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე შემთხვევით მოხვედრილი უწოდა.
„შენ ახლა აბსოლუტურ სისულელეებს ლაპარაკობ და კიდევ კარგი, რომ ამ ქვეყანაში ძალიან კვალიფიციური იურისტები არია, რომლებსაც უკვე ჰყავხარ შეფასებული, როგორც იურისტი. როცა სამართლებრივი არგუმენტები გეცლება, რაზეც გელაპარაკებიან, მაშინ გადადიან პიროვნულ შეურაცხყოფაზე. რამდენიც არ უნდა ილაპარაკოთ შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ჩემი კვალიფიკაცია დიდი ხანია შეფასებულია, მაგრამ შენ უკვე შეგაფასეს იურისტად, რომელიც შემთხვევით არის მოხვედრილი ამ პოზიციაზე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
კანონპროექტის თანახმად, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას, პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 500 ლარით. ამასთან, პირბადის ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების დროსაც.