logo
ENG



პირველადი დახმარების როლი კრისტიან ერიკსენის გადარჩენაში - რა უნდა ვიცოდეთ გფრ-ის შესახებ

13 ივნ 202116:16
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/13/9iq8kp0xmfkxm8n.jpg

ევროპის ჩემპიონატის ერთერთი შეხვედრის მიმდინარეობისას მილიონობით მაყურებელმა იხილა, როგორ დაეცა ფეხბურთელი კრისტიან ერიკსენი მინდორზე. მას პირველადი დახმარება თანაგუნდელმა და ექიმებმა მოედანზევე აღმოუჩინეს.

პირველად ერიკსენთან დანიელმა ფეხბურთელმა, სიმონ კაიერმა მიირბინა, მას კი ადგილზე მყოფ ექიმთა ბრიგადა მიჰყვა. უგონოდ მყოფი კრისტიან ერიქსენის გარშემო მისმა გუნდელებმა წრე შეკრეს, ხოლო ექიმებმა პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, მოედნიდან გაყვანისას ერიკსენი გონზე იყო. ამ ეტაპზე კი, BBC-ის ცნობით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

თანაგუნდელებისა და მოედანზე მომუშავე ექიმების ქმედებას BBC "გმირულს" უწოდებს - გამოცემა წერს, რომ შემთხვევაზე რეაგირების სისწრაფემ დიდი გავლენა იქონია ფეხბურთელის გადაარჩენაზე.

ექიმები ერიკსენის შემთხვევას ჰოსპიტალს გარეთ გულის უეცარ გაჩერებას უწოდებენ და ის არც თუ იშვიათია. მსგავსი რამ შეიძლება ვიხილოთ ყველგან და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები სწორედ ამიტომ გვირჩევენ, შევისწავლოთ პირველადი დახმარების, გულ-ფილტვის რეანიმაციის, ჩატარება.

ექიმი არჩილ მარშანია ამბობს, რომ მსოფლიოში გულის უეცარი გაჩერებით გარდაცვალება ხშირია.  გულ-ფილტვის რეანიმაციის მნიშვნელობაზე საუბრისას ხაზს უსვამს, რომ ამ პროცედურით ადამიანის გადარჩენაა შესაძლებელი. მისივე თქმით, გულის გაჩერება ფორსმაჟორული ვითარებაა და ამ დროს სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე ლოდინმა, დიდი შანსია, ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანოს.

„გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩატარების მიზანია, რომ ხელოვნურად გულის ამუშავებით შევინარჩუნოთ სისხლის მიწოდება ტვინში. გადარჩენის ალბათობა იზრდება იმის მიხედვით, რამდენად სწრაფად დავიწყებთ პროცედურას“

ექიმი გვეუბნება, რომ გფრ-ის იგივე გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩატარებამდე რამდენიმე დეტალი უნდა დავაზუსტოთ. მაგალითად, დავრწმუნდეთ, რომ საქმე ნამდვილად გულის უეცარ გაჩერებასთან გვაქვს.

„პირველ რიგში, უნდა დავრწმუნდეთ ჩვენსა და პაციენტის უსაფრთხოებაში. შემდეგ უნდა შევამოწმოთ პაციენტის ცნობიერება. თუკი დავინახავთ, რომ საუბარზე, შერხევაზე არ აქვს რეაქცია, არაა გონზე, ვრეკავთ სასწრაფოში და ვატრიალებთ, რათა ვნახოთ, სუნთქავს თუ არა. პროცედურა საჭიროა მაშინ, როცა პაციენტი არ სუნთქავს და გულიც გაჩერებულია"

თუმცა, არჩილ მარშანია ხაზგასმით ამბობს იმასაც, რომ გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩატარება აუცილებლად პროფესიონალებმა უნდა გვასწავლონ, რათა დარწმუნებული ვიყოთ იმაში, რომ დახმარებას სწორად აღმოვუჩენთ.  აუცილებელია ტრენინგის გავლა და ელემენტარული უნარ-ჩვევების შეძენა, რათა შევძლოთ შემთხვევის ადგილზე სწორად მოქცევა.

„უამრავი ტრენინგცენტრი არსებობს ჩვენს ქვეყანაში და ნებისმიერი პროფესიის ზრდასრულ ადამიანს შეუძლია ამის სწავლა. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც შეუძლია გულ-მკერდზე ზეწოლის ჩატარება, აქვს შესაძლებლობა, გაიაროს ტრენინგი. ეს მოიცავს, დაახლოებით, 4-5 საათს მუშაობას. შეისწავლის გულ-ფილტვის რეანიმაციას და, ამავდროულად, შემთხვევის ადგილზე ქცევის პრიორიტეტიზაციას. ეს იქნება ბაზისური ცოდნა და ამას, დაახლოებით, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ სჭირდება განახლება"

კრისტიან ერიკსენის ინციდენტი არ არის პირდაპირი რეპორტაჟის მიმდინარეობისას გულის გაჩერების პირველი შემთხვევა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. უმეტესწილად გულის გაჩერება სიკვდილით სრულდება. მაგალითად, 2003 წლის კონფედერაციათა თასის გათამაშებისას 23 წლის კამერუნელი ნახევარმცველი, მარკ-ვივიენ ფო სამედიცინო ბრიგადამ ვერ გადაარჩინა. ასევე ლეტალურად დასრულდა სევილიას ნახევარმცველის, ანტიონიო პუერტას შემთხვევაც - 2007-08 წლების ლა ლიგის პირველ შეხვედრაში პუერტა მოედანზე მოთელვისას დაეცა.

მედიკოსები ხაზს უსვამენ იმას, რომ გულის გაჩერება შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში და ხშირად, ერთი შეხედვით ჯანმრთელ ადამიანებშიც. სწორედ ამიტომ, პირველადი დახმარების აღმოჩენა პირდაპირპროპორციულად ზრდის იმის შანსს, რომ ადამიანი სიკვდილს გადაურჩება.


close დახურვა