logo
ENG



პირველივე ტურში გაიმარჯვებს - გიორგი მარგველაშვილი შესაძლოა მაჟორიტარობის კანდიდატი გახდეს

27 თებ 202008:37
3 წუთის საკითხავი
 

გახდება თუ არა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი არჩევნებზე ჯერჯერობით უცნობია.

ამასთან, ოპოზიციაში მეოთხე პრეზიდენტის პოლიტიკაში დაბრუნებას დადებითად აფასებენ. პოლიტიკოსების თქმით, მარგველაშვილის კანდიდატურა ოპოზიციას გამარჯვებაში დაეხმარება.

მარგველაშვილის მაჟორიტარ კანდიდატად დაბრუნებას ადასტურებს ალეკო ელისაშვილი. „სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი აცხადებს, რომ აქვს ინფორმაცია, თუ რომელ ოლქში წარადგენენ მარგველაშვილს, თუმცა მისი დასახელებისგან ელისაშვილმა თავი შეიკავა.

"ამას მივესალმები. ძალიან კარგია, რომ მარგველაშვილი აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთვება და კარგია, თუ იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი. დარწმუნებული ვარ, რომ პირველივე ტურში შეძლებს გამარჯვებას. ორივე ხელით ვესალმები ამ ამბავს“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრი სერგო რატიანი. გარდა ამისა, რატიანი ამბობს, რომ მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მისასალმებელია. 

„ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი. ვერც დავადასტურებ. პირადად მე და ბევრი ადამიანი ისურვებდა, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ყოფილიყო მაჟორიტარებს შორის. ის არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ძალა და დაეხმარებოდა ოპოზიციას გამარჯვებაში“, - ამბობს სერგო რატიანი.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, "ქართულ ოცნებაში" გიორგი მარგველაშვილის დაბრუნებას არ მიესალმებიან. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი მარგველაშვილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მეოთხე პრეზიდენტი მაღალ რეიტინგს ვერ დაიმსახურებს. 

მისი გემოვნება ოპოზიციური კუთხით იყო მიმართული, მაშინაც კი როდესაც ის ქვეყნის პრეზიდენტი იყო. ამას ყველანი ვამჩნევდით. ასევე მისი გარკვეული მოწონება და თანხვედრა გემოვნებისა მიხეილ სააკაშვილთან - ესეც თვალსაჩინო იყო. ამით განსაკუთრებული არაფერი ხდება. რეიტინგის კუთხით არამგონია, რომ მან ჩვენი საზოგადოების მხრიდან დიდი რეიტინგი დაიმსახუროს, გვახსოვს ის როგორც პრეზიდენტი. რამდენად იტყვის თავის სიტყვას 2020 წლის არჩევნებზე გამოჩნდება“, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

 

 


close დახურვა