შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელსაც ბრალად ედება ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა, ძალადობა და ძალადობის მუქარა, დევნა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა.
საქმე ეხება 5 ივლისს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის ცემის ფაქტს, რომელსაც თვალები დაუზიანეს.
ილია თვალიაშვილს მაშინ სცემეს, როცა აგრესიული ჯგუფების ქმედებებს იღებდა. ის ათობით ადამიანმა ალყაში მოაქცია და ურტყა ჯოხები და ფეხები. ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების ინფორმაციით, მას თვალებში გაურკვეველი ხსნარი შეასხეს და თვალების დაზიანებაც ამან გამოიწვია.
უწყებიც ცნობით, ბრალდებულმა გ.წ.-მ რუსთაველის გამზირზე თბილისი პრაიდის საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებით "ღირსების მარში" უნდა ჩატარებულიყო. საპატრიარქომ სწორედ ამ დღეს კონტრაქცია დააანონსა.
რუსთაველის გამზირი 5 ივლისის დილიდან დაიკავეს მოძალადე ჰომოფობებმა, რის გამოც Tbilisi Pride-მა მარში გააუქმა. საპატრიარქოსა და მოძალადე ჯგუფების ორგანიზებული კონტრაქციის მონაწილეებმა იძალადეს მედიის წარმომადგენლებსა და გამვლელებზე.
ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზებულ აქციაზე სულ მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.
კოლეგის გარდაცვალების შემდეგ მედიამ წამოიწყო კამპანია #ლექსოსთვის. ისინი ითხოვენ, გადადგეს პრემიერი ღარიბაშვილი, როგორც ძალადობის წამქეზებელი; შს მინისტრი, რომლემაც ვერ უზრუნველყო ძალადობრივ აქციაზე ჟურნალისტების უსაფრთხოება და ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები, მოძალადეები.