გიორგობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა. მარიამობის სკანდალური შეწყალებების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა დადგენილ ტრადიციას გადაუხვია და დღესასწაულზე არც ერთი მსჯავრდებული არ შეიწყალა. ასობით მსჯავრდებულთან ერთად, შეწყალების მოლოდინში იყო დეკანოზი გიორგი მამალაძეც.
მსჯავრდებული დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე დეკანოზის შეწყალების საქმის გაჭიანურებას შორენა თეთრუაშვილს უკავშირებს. ის ამბობს, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტს არ სურს მამა გიორგი მამალაძის პატიმრობიდან გათავისუფლება. თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, საპატრიარქოს დაპირების მიუხედავად, დეკანოზის შეწყალებაზე პრეზიდენტისთვის ოფიციალურად ამ დრომდე არ მიუმართავს.
თორნიკე მამალაძის ბრალდებებს შორენა თეთრუაშვილის მიმართ არ იცნობენ სინოდის წევრები. მათ არც ის იციან, როდის მიმართავს საპატრიარქო პრეზიდენტს.
ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად დაკომპლექტდეს შეწყალების კომისია და დადგინდეს შეწყალების კრიტერიუმები. გიორგობის დღესასწაულის შეწყალებებზე უარის თქმას კი პრეზიდენტს უწონებენ, რათა იგივე შეცდომები არ გაემეორებინა, რაც მარიამობის შეწყალებების დროს.
შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი კი პრეზიდენტს მწვავედ აკრიტიკებს და მის ქმედებებს გაუგონარს უწოდებს. მისი შეფასებით, ეს გიორგობა ისტორიაში შევა იმით, რომ პრეზიდენტმა პატიმრები არ შეიწყალა.
მარიამობის სკანდალური შეწყალებების შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მორატორიუმი გამოაცხადა და ამ დრომდე უცნობია ის კრიტერიუმები, რის საფუძველზეც უნდა შეიწყალონ მსჯავრდებულები. როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მმართველ გუნდთან ერთად აღნიშნული კრიტერიუმების შემუშავებაზე მუშაობს, თუმცა მეტი კონკრეტიკა უცნობია.