პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის სულ 59 პაციენტია მოთავსებული, საიდანაც 12-ს კორონავირუსი დადასტურებული აქვს.
როგორც კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა აღნიშნა, 1 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო დანარჩენების სტაბილური.
„ამ ეტაპზე კლინიკაში 59 პაციენტია, აქედან გვაქვს 12 დადასტურებული შემთხვევა. ერთი მოთავსებულია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში და მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ ვიტალური პარამეტრები შენარჩუნებული. დანარჩენი თორმეტის მდგომარეობა ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით უარყოფითი დინამიკის გარეშეა, თუ არ ჩავთვლით 80 წლის ქალბატონს, რომელთანაც ამ ეტაპზე გამოიხატა სუნთქვის უკმარისობა და გადავიყვანეთ რეანიმაციულ განყოფილებაში“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
მისივე თქმით, რამდენიმე პაციენტთან დაკავშირებით ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს მიღებული პასუხები უარყოფითია.
„რაც შეეხება სხვა პაციენტებს, ჩატარებული კვლევის შედეგად, რომელიც დღეს მივიღეთ ლუგარიდან, ყველა შემთხვევა უარყოფითია“, - აღნიშნა რატიანმა.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 73 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 252. ვირუსისგან სრულად განიკურნა 10 პაციენტი.