ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არაღიარების მიუხედავად, ქვეყანას პოლიტპატიმრები ჰყავს.
როგორც ფოტიგამ „ფორმულანიუსთან“ განაცხადა, ევროპარლამენტი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას ყურადღებით აკვირდება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება, რაც პოლიტპატიმრების ციხეებიდან გამოშვებას გულისხმობს. ის კონკრეტულად ასახელებს გიგი უგულავას და ამბობს, რომ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გათავისუფლდეს.
„ჩვენ საქართველოს მეგობრები რთული სიტუაციის მიუხედავად ვცდილობთ მონიტორინგი გავუწიოთ საქართველოში პოლიტიკურ სიტუაციას, განსაკუთრებით მოახლოებული არჩევნების ფონზე. პოზიტიურად ვიყავით განწყობილი ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების მიმართ და იმედი გვქონდა, რომ დადებითად განვითარდებოდა მოვლენები და პოზიტიური ცვლილებები მოყვებოდა. არეულობა, რომელიც დაიწყო გასული წლის ივნისში ძალიან საშიში იყო საქართველოს პროევროპული, ტრანსატლანტიკური პერსპექტივისთვის და ასევე პოზიტიური ცვლილებებისთვის და ქართული საზოგადოებისთვის.
"ხელისუფლება ირწმუნება, რომ პოლიტიკური პატიმრები ქვეყანაში არ არიან, მაგრამ პირადად მე ბევრჯერ მოვინახულე ისინი საპატიმროში. საკარანტინო ზომების მიუხედავად, ჩვენ ყურადღებით ვუწევთ მონიტორინგს ვითარებას. უგულავას მსგავსი ადამიანები, რომლებსაც აქ ყველა იცნობს, მიღწეული შეთანხმების მიხედვით უნდა გათავისუფლდნენ და იმედი მაქვს ასე მოხდება. ვისურვებ, რომ წარმატებით ჩატარდეს არჩევნები, რომლითაც გამოხატული იქნება ხალხის რეალური ნება და რომლითაც შემოღებული იქნება წარმომადგენლობითი სისტემა, რაც ქართველი ხალხის სურვილი და ოცნებაა“, - განაცხადა ანა ფოტიგამ.