logo
ENG



პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ - ოპოზიცია ოცნებას შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს

17 მარ 202018:36
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტმა საკონსტიტუციო კომისია დაამტკიცა. კენჭისყრის პროცედურას დღეს ოპოზიციაც დაესწრო, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში არ დაბრუნებულან და კვლავ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

„ჩვენ შეთანხმების ჩვენს ნაწილს ვასრულებთ. ჩვენ მხარი დავუჭირეთ საკონსტიტუციო კომისიის შექმნას და ველოდებით,  რომ ამ შეთანხმების მეორე არანაკლებად მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებული იქნება ხელისუფლების მხრიდან. ასეთ შემთხვევაში საშუალება გვექნება, მთლიანად საბოლოო ცვლილებებსაც მხარი დავუჭიროთ. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას, ის ვალდებულებები, რომელიც აიღო პოლიტიკურად როგორც საზოგადოებასთან, ისე ოპოზიციასთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან, შეასრულოს“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ.

შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამაც. მან აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება ჩაიშლება.

 „ამ შეთანხმებას აქვს ორი კომპონენტი. ერთი ეხება სწორედ საარჩევნო სისტემას და ამისთვის შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, რომლის შექმნასაც დავუჭირეთ მხარი, მაგრამ მეორე კომპონენტი - ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლების და პოლიტიკური დევნის შეწყვეტის კომპონენტი, რომლის შესრულების გარეშეც შეთანხმება იშლება. ჩვენი მხრიდან შეთანხმების არც ერთ კომპონენტს არ ექნება მხარდაჭერა, თუ არ მოხდება შეთანხმების ორივე კომპონენტის შესრულება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საკითხთან დაკავშირებით კომენტარი დღეს დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმაც გააკეთა. მან აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს ნებისმიერ შემთხვევაში დაუჭერს.

 „მე ჩემი პოზიცია დაფიქსირებული მაქვს ორ სხვადასხვა დოკუმენტზე - ერთი არის საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებული და მეორე კონკრეტული სამართლებრივი მხარე ამ შეთანხმების. ამიტომ ჩემი მოლოდინია და ალბათ საერთაშორისო პარტნიორებისაც, რომ ორივე უნდა შესრულდეს. თუმცა, მე როგორც ერთი დეპუტატი, მხარს დავუჭერ იმ ინიციატივას რომელიც არის ინიცირებული ნებისმიერ შემთხვევაში“, - განაცხადა ჩუგოშვილმა. 

შეგახსენებთ, პარლამენტმა დღეს 114 ხმით საკონსტიტუციო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა. ცნობილია კომისიის 9-კაციანი შემადგენლობაც: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ირმა ინაშვილი, სერგი კაპანაძე, მარიამ ჯაში, ირაკლი კობახიძე, თინა ბოკუჩავა, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი.


close დახურვა