logo
ENG



პოლიცია მოქალაქეების დევნასა და დაკავებას აგრძელებს

29 ნოე 202406:26
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/29/bfqoxbbv4drjesx.jpg

მთელი ღამის განმავლობაში აქციის დარბევის შემდეგ პოლიცია მოქალაქეების დევნასა და დაკავებას აგრძელებს. ამჯერადაც დაკავებების პარალელურად გრძელდებოდა ძალადობა. 

გამთენიისას, დაახლოებით 06:30-ზე პოლიციელების დიდი ჯგუფი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით დაიძრა და გზადაგზა მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავება დაიწყო. როგორც ჩანს, შსს-ს თანამშრომლები რუსთაველის გამზირს წმენდენ. ერთ-ერთი ადამიანის დასაკავებლად ისინი აფთიაქშიც შევიდნენ. 

ღამის განმავლობაში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად. ამასთან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და ნიღბიანი, შავებში ჩაცმული, ზურგჩანთიანი პირები, რომლებიც გაურკვეველია, რომელ სამსახურს წარმოადგენდნენ, მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანია ჯამში დაკავებული, თუმცა სავარაუდოდ რიცხვი რამდენიმე ათეულია. ამასთან, დაშავებულია ათეულობით ადამიანი, მათ შორის პოლიტიკოსები და ჟურნალისტები.

როგორც ცნობილია, კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერებს, ნანა მალაშხიას ცხვირი აქვს მოტეხილი, ხოლო ელენე ხოშტარიას - ხელი.

შსს-ს წარმომადგენლები ხელს უშლიდნენ ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში. რამდენიმე ჟურნალისტმა წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლის გამო მიიღო დაზიანება. პუბლიკას ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი პოლიციამ დააკავა და სცემა. მას სავარაუდოდ, ცხვირი აქვს გატეხილი.

ამასთან, ფიზიკურად იძალადეს TV პირველის ოპერატორზე. 

მძიმედ დაშავდა ფორმულას ჟურნალისტი გურამ როგავა. მას აქციის დარბევის მორიგი ტალღის დროს სპეცრაზმელი უკნიდან მიეპარა და თავში ჩაარტყა. როგავა თავის ქალის დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს, დათო ცაგარელს, პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა. 


close დახურვა