logo
ENG



პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 13 პირს პატიმრობა შეეფარდა, ახლობლებმა გზა გადაკეტეს

27 ივნ 202118:14
3 წუთის საკითხავი
 

ურეკში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ 13 პირს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას დაბა ურეკის პოლიციასთან აპროტესტებენ დაკავებულების ახლობლები. აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები პოლიციელს თავს 24 ივნისს დაესხნენ.

"24 ივნისს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს ურეკის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, დაბა ურეკში, 1988 წელს დაბადებული შ.ლ. დააკავეს და პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს.

მოგვიანებით, პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ დაკავებულის ნაცნობები, პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირები ბრალდებულის სახით დააკავეს", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა