logo
ENG



შსს: "ქურდულ სამყაროსთან" დაკავშირებული 21 პირი დავაკავეთ

17 ივნ 202613:23
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/17/brph861mj2kimo0.jpg

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს. უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალი კიდევ 9 პირს წარედგინა - ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს, ელმურაზ მამედოვს, დაუსწრებლად.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს, რომლებშიც ელმურაზ მამედოვი უცხოეთიდან მონაწილეობდა, უკავშირდებოდა საქართველოში მყოფ პირებს, რომლებიც მოქალაქეებს ბიზნესიდან დიდი ოდენობით თანხის გადახდას აკისრებდნენ, ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით ან სისცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

უწყების ინფორმაციით, ნივთმტკიცებად ამოღებულია ბრალდებულების ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომლებითაც ისინი ერთმანეთსა და უცხოეთში მყოფ პირებს უკავშირდებოდნენ. ასევე ამოღებულია, სავარაუდოდ, ე.წ. ქურდული საერთოსთვის შეგროვებული 62 000 დოლარზე მეტი, ავტომანქანები, საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიება სსკ-ის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია და 223-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ის მიერ გავრცელებული განცხადება სრულად:

„შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო 24 საათის განმავლობაში თბილისში, შიდა და ქვემო ქართლში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს. კიდევ 9 პირს ბრალი წარედგინა - ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის, საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს, ელმურაზ მამედოვს.

ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი მონაწილეობდა. მამედოვი უკავშირდებოდა საქართველოში მასთან კავშირში მყოფ პირებს, რომლებიც როგორც პირადი სარგებლობისთვის, ასევე კრიმინალური ავტორიტეტის სასარგებლოდ, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად მოქალაქეებს გარკვეულ ვადებში კუთვნილი ბიზნესიდან დიდი ოდენობით თანხის გადახდას აკისრებდნენ. ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით ან სისცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომლითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს უკავშირდებოდნენ. ასევე, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო, სავარაუდოდ, ე.წ. ქურდულ საერთოსთვის შეგროვებული 62 000 დოლარზე მეტი თანხა, ბრალდებულების ავტომანქანები, საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია და 223-ე კვარტა მუხლებით, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს“.


close დახურვა