logo
ENG



პოლიციელის მკვლელობის საქმეზე შსს-ს ყოფილ თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა

10 იან 202314:18
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, ალექსანდრე შეყელაძის მკვლელობის საქმეზე შსს-ს ყოფილ თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნანა შამათავამ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

პროკურატურა ბრალდებული შსს-ს კადრების განკარგულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის გიორგი მღებრიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. დაცვის მხარე ამ შუამდგომლობას დაეთანხმა.

თავად მღებრიშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ მას დანაშაული განზრახ არ ჩაუდენია.

„წლები და მუხლები ჩემთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ რამე შეღავათი მქონდეს. პირიქით, გამიხარდებოდა ისეთ ქვეყანაში, ისეთ დროს მეცხოვრა, სადაც სიკვდილით დასჯა იქნებოდა, მაგრამ განზრახ ეს დანაშაული არ ჩამიდენია",- განაცხადა მღებრიშვილმა.

დაკავებულის ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულის ჩადენისას, სავარაუდოდ, შერაცხად მდგომარეობაში არ იმყოფებოდა.

პროკურატურის ცნობით, დანაშაულის ადგილიდან ამოღებულია 3 ცეცხლსასროლი იარაღი, მათგან 1, პროკურატურის თქმით, მართლსაწინააღმდეგოდაა შეძენილი, თუმცა დანაშაული ამ იარაღით არ არის ჩადენილი.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება), 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-და 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 იანვარს, ქ. თბილისში, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა გ.მ.-მ, ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან იმავე ბინაში მყოფ ა.შ.-ს ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა, ხოლო დ.ლ.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების საშუალება არ მისცა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთ-ერთ დაზარალებულს ა.შ.-ს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

 

 

close დახურვა