logo
ENG



პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ ჯამში 20 ადამიანი დააკავა

01 ივლ 202122:55
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/01/16infticu6uun3l.jpg

თბილისი პრაიდის პირველ ღონისძიებაზე, სადაც კვირეულის ფარგლებში ფილმის ჩვენება გაიმართა, პოლიციამ ჯამში ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის 20 მონაწილე დააკავა.

როგორც ფორმულას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173 მუხლებით არიან დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

პრაიდის ღონისძიება ამ დროისთვის უკვე დასრულებულია. ტერიტორიაზე პოლიციას ცოცხალი კორდონი ჰქონდა მოწყობილი. ღონისძიების მონაწილეთა  ნაწილმა ტერიტორია საკუთარი ავტომობილებით დატოვა, ნაწილი კი პოლიციამ მიკროავტობუსებით გაიყვანა. მათ ძალადობრივმა ჯგუფებმა ქვები და კვერცხები ესროლეს.

ღონისძიება პოლიციის დახმარებით დატოვეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც.

ადგილზე ვითარება მთელი დღის განმავლობაში დაძაბული იყო, რადგან იქ ჰომოფობიური პუტინისტური ჯგუფები გამოჩნდნენ. მათ გზის გადაკეტვა სურდათ, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. ისმოდა ჰომოფობიური შინაარსის შეძახილებიც. ძალადობრივმა ჯგუფებმა პოლიციელებისა და აქტივისტების მისამართით ბოთლები, კვერცხები და ქვები ისროლეს. კვერცხი აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელსაც მოხვდა.

ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფები გეგმავენ, 4 ივლისის ღამით მეტრო რუსთაველთან კარვები გაშალონ და პრაიდს ხელი შეუშალონ. 

საკითხთან დაკავშირებით, 28 ივნისს 28 ევროპარლამენტარმა განცხადება გაავრცელა და საქართველოს შს მინისტრს და ხელისუფლებას მოუწოდა, Tbilisi Pride-ის მონაწილეები ეფექტურად და სათანადოდ დაიცვან, უზრუნველყონ მათი გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უნივერსალური უფლების დაცვა.


close დახურვა