logo
ENG



პრაისი: საქართველო-უკრაინაში შეჭრამ გვაჩვენა, რუსეთი მეზობლების სუვერენიტეტს პატივს არ სცემს

29 ოქტ 202216:56
3 წუთის საკითხავი
 
პრაისი: საქართველო-უკრაინაში შეჭრამ გვაჩვენა, რუსეთი მეზობლების სუვერენიტეტს პატივს არ სცემს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა რუსეთის მიერ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან ერთად სოჭში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ რუსეთის ისტორია გვაჩვენებს, რომ ის არ სცემს პატივს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს და არაა სანდო პარტნიორი. 

პრაისმა თქვა, რომ როდესაც აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიალოგის პროცესში ერთვება მისი მიზანი დაპირისპირების დასრულება და ქვეყნებს შორის განგრძობადი მშვიდობის მიღწევაა. 

სპიკერმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს რუსეთის კონკრეტული ძალისხმევების შეფასებას, თუმცა მეზობელ ქვეყნებთან რუსეთის ურთიერთობის ისტორია- საქართველოში შეჭრა და უკრაინაში მიმდინარე ომი, პრაისის თქმით, ცხადჰყოფს, რომ “მოსკოვი ნაკლებად სცემს პატივს თავისი მეზობლების სუვერენიტეტსა და ნაკლებად სანდო, გრძელვადიანი პარტნიორია.”

ნედ პრაისმა ასევე აღნიშნა, რომ თავად სომხეთსა და აზერბაიჯანის გადასაწყვეტია რა ფორმატში შეხვედრა იქნება მათთვის უფრო პროდუქტიული.

“როდესაც სომხეთთან და აზერბაიჯანთან ჩვენ ვერთვებით, ჩვენ ამას მხოლოდ ერთი მიზეზით და მიზნით ვაკეთებთ, რომ დასრულდეს ძალადობა და ეს ქვეყნები ხანგრძლივი და ყოვლისმომცველი მშვიდობის გზაზე დადგნენ. ჩვენ მოვუწოდებდით და მკაფიოდ ვეუბნებოდით ამ ქვეყნებს - სომხეთს და აზერბაიჯანს - რომ ისინი უნდა შეხვდნენ იმ ფორმატში, რომელიც მათთვის უფრო პროდუქტიული იქნება. ჩვენ გვჯერა პრობლემების გადაჭრასა და განგრძობადი მშვიდობის მიწევაში პირდაპირი დიალოგის სარგებლიანობის. 

მე არ ვაპირებ კონკრეტულად რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალისხმევაზე კომენტარის გაკეთებას, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ კიდევ ერთხელ - ამ ორ ქვეყანაზეა დამოკიდებული რა მიდგომას აირჩევენ ამ მომავალ საუბრებში. ვფიქრობ, მსოფლიომ იცის რუსეთის ისტორია როცა საქმე მის მეზობლებსა და სამეზობლოს ეხება. 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრა და უკრაინაში მიმდინარე სასტიკი შეჭრა გაჩვენებს, რომ მოსკოვი ნაკლებად სცემს პატივს თავისი მეზობლების სუვერენიტეტსა და ნაკლებად სანდო, გრძელვადიანი პარტნიორია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეერთებული შტატებისგან აბსოლუტურად განსხვავდება. და კიდევ ერთხელ, ჩვენი ერთადერთი მიზანია, დავეხმაროთ ამ ქვეყნებს, რომ საკუთარი თავისთვის მიაღწიოს ძალადობის დასასრულს და განგრძობად, ყოვლისმომცველ მშვიდობას, რაც სომხეთისა და აზერბაიჯანის მოსახლეობას ასე ძალიან უნდათ” - განაცხადა ნედ პრაისმა. 

28 ოქტომბერს კრემლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭში სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთად სამმხრივ მოლპარაკებებს გამართავს. 


close დახურვა