პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, გიორგი აბაშიშვილი გიორგი გახარიას გუნდში იქნება. ამის შესახებ ის facebook-ზე წერს.
აბაშიშვილი ამბობს, რომ მისი და ყოფილი პრემიერმინისტრის ხედვები ერთმანეთს ემთხვევა, რის გამოც მხარს უჭერს და უერთდება გიორგი გახარიას გუნდს.
"ორი თვის წინ აღვნიშნე და ვისურვე, რომ პოლიტიკაში დარჩენილიყო, დარჩა და აქტიურდება. მე მისი პოლიტიკაში ყოფნა მომწონს, ჩვენი ხედვები ძალიან ემთხვევა ერთმანეთს! ვაფასებ მის თანამოაზრეებს და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება მხარი დავუჭირო და შევუერთდე გახარიას გუნდს", - წერს აბაშიშვილი.
ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის პრეზენტაცია 29 მაისს გაიმართება. პარტიის სახელწოდება საქართველოსთვის იქნება.
გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტის დატოვებიდან მალევე პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა.
ამ განცხადების შემდეგ ქართული ოცნებიდან რამდენიმე ადამიანი მის გუნდში გადავიდა, მათ შორის არის პარლამენტის 6 დეპუტატი.
გახარია პრემიერის პოსტიდან 2021 წლის 18 თებერვალს გადადგა და მიზეზად ნიკა მელიას დაკავების შესახებ ქართული ოცნების გუნდში აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.
