პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ოლიმპიელთა დახვედრისა და დაჯილდოების შესახებ ინფორმაცია, რომელიც დღეს, 20:00 საათზეა დაგეგმილი, 13:00 საათზე მიაწოდეს. მისი თქმით, სპორტსმენთა "აჩქარებულ ტემპში" დაჯილდოება არ შეიძლება და ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს.
კერძოდ, ზურაბიშვილის საუბრობს იმაზე, რომ სპორტსმენების გამარჯვება მთელი ქვეყნის ზეიმია და ის "სადღაც ჩაკეტილ სივრცეში" არ უნდა აღინიშნებოდეს. ამასთან ერთად, კი დისკრიმინაციულს უწოდებს იმას, რომ ოლიმპიელებისა და პარაოლიმპიელების დაჯილდეობა ცალ-ცალკეა დაგეგმილი.
"პირველ საათზე დღეს შემატყობინეს, რომ საღამოს რვა საათზე იქნებოდა მიღება, დახვედრა ოლიმპიელების და თურმე დაჯილდოება. მე არ მჩვევია რაღაცა კინკლაობა და სხვა დონის პოლიტიკური გასარჩევი საკითხები გაგვაჩნია, მე მგონი. მაგრამ, მე მგონი, რომ ეს დაჯილდოება ოლიმპიელების და მათი დახვედრა, როგორც სხვათა შორის, გამოვაცხადე, როცა ვაცილებდით ოლიმპიელებს ყველანი ერთად, საჯაროდ გამოვაცხადე, რომ მე დავხვდებოდი აქ, სექტემბერში, როცა დაბრუნდებოდნენ და მე მაქვს სერიოზული ორი მიზეზი, რატომაც არ შეიძლება დღეს მათი ასე სასწრაფოდ დაჯილდოება, ჯერ ერთი, რომ ეს არის სერიოზული საქმე და არა, რაღაც აჩქარებულ ტემპში გასაკეთებელი, მაგრამ ორი მთავარი მიზეზი არის სხვა - ერთი, რომ მე ვთვლი, რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც აერთიანებს მართლაც ქვეყანას, საზოგადოებას და ეს უნდა ვიზეიმოთ მართლა ერთად, ყველამ, არა სადღაც ჩაკეტილ სივრცეში, სადაც ხალხის გვეშინია, არამედ, სახალხო ზეიმი უნდა იყოს და მე ამას ვაპირებ, რომ მოვაწყო სახალხო ზეიმი, როგორ გამოვაცხადე.
"და მეორე, კიდევ შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი, რომ პარაოლიმპიადა იწყება ახლა და გრძელდება 8 სექტემბრამდე და წარმოუდგენელია, არ ვიცი, ვის ავიწყდება, სპორტის მინისტრს თუ მთლიანად მთავრობას. როგორ შეიძლება, რომ ჩვენ ვიზეიმოთ ჩვენი ოლიმპიელების დაბრუნება ცალკე სპორტსმენების, ვინც მონაწილეობა მიიღო მთავარ ოლიმპიურ თამაშებში და ცალკე პარაოლიმპიელები, არა, არანაირი დისკრიმინაცია, ეს არის მიუღებელი, ყველას ერთად მივიღებთ, მთლიანად ხალხი, საზოგადოება და ყველანი, ოლიმპიელები, თუ პარაოლიმპიელები, გელოდებით სექტემბერში", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.