logo
ENG



პრეზიდენტი ოცნებაზე: ქილიკი პასუხი არაა, როცა სტრუქტურების ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებენ

01 ოქტ 202116:26
3 წუთის საკითხავი
 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მშვიდობიან და სამართლიან გარემოს ყველაზე ნაკლებად სჭირდება არეულობის ტირაჟირება.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე ხელისუფლების რეაქციას აკრიტიკებს და ამბობს, რომ "დაცინვა და ქილიკი" არაა პასუხი საზოგადოებისთვის. 

"მართალი, თუ ტყუილი ეს თემა თავისთავად არღვევს წინასაარჩევნო გარემოს, სიმშვიდეს და ძაბავს ისედაც დაძაბულ და გადაღლილ საზოგადოებას, აჩენს კიდევ გაზრდილ პოლარიზაციის წინაპირობას.

ვინც ამ თემას ტირაჟირებას უკეთებს და მით სპეკულირებს, გამოდის, რომ არც ქვეყანაზე არც სამართლიან არჩევნებზე ფიქრობს, არამედ  ფსონს დებს, როგორც ნათქვამი აქვთ, 3 ოქტომბერზე, ქუჩის გამოსვლაზე, ანუ დესტაბილიზაციაზე. სიტყვით მოქალაქეებს მშვიდობიან არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებენ და ქმედებებით რეალურად აჩენენ ეჭვს რომ არჩევნების მაგივრად მიმდინარეობს სხვა მზადება.

მეორეს მხრივ, ხელისუფლების რეაქცია არ არის, ის რაც ევალება, რასაც საზოგადოება ელოდება და რაც მას დაამშვიდებს და დააბრუნებს წინასაარჩევნო განწყობაზე. კომენტარები დღეს პარტიიდან არ უნდა მოდიოდეს, არამედ სახელმწიფო უწყებებიდან, რომლებიც ვალდებულნი არიან ფაქტებით დაუდასტურონ საზოგადოებას ტყუილ-მართალი და ამით დააწყნარონ. დაცინვა და ქილიკი პასუხი არაა, როცა ქვეყანაში  სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტურობას ვიღაცები კითხვის ქვეშ აყენებენ", - აცხადებს ის.

პრეზიდენტის თქმით, პასუხისმგებლობა მშვიდ და თავისუფალ საარჩევნო გარემოს შენარჩუნებაზე ხელისუფლების ხელშია:

"ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, წინასაარჩევნოდ დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის ყველა მცდელობა და ყველა კერა აღკვეთოს და არა მისცეს გზა პოლარიზაციას, თუნდაც საკუთარ  მოწოდებებით.

საზოგადოება არ ემზადება 3 ოქტომბრისთვის, ასეთ დესტრუქციულ გზაზე არც ერთ პარტიას არ გაჰყვება, რამეთუ ჩვენ საზოგადოებას კარგად  გაცნობიერებული აქვს საითკენ შეიძლება მიდიოდეს  ქუჩაში გადატანილი პოლარიზაცია. 

სამოქალაქო დაპირისპირების დრო გავლილია და არავინ პასუხისმგებელი ამ ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდეს, თუკი ქვეყანა და მისი მომავალი ადარდებს. ეს დრო მჯერა არ დაბრუნდება, რამეთუ ჩვენი მოქალაქები პოლიტიკოსებზე ბევრად ფხიზლად არიან".

მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 1-ელ ოქტომბერს Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ საქართველოში იმყოფება.

"დილა მშვიდობისა, საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ", - წერს სააკაშვილი.

მოგვიანებით, მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.

"ეს არის ჩემი ბათუმი. ორში ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე, მივცეთ ხმა ენმ-ს. არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს​, არც გახარიას, არც მათ სატელიტებს. თუ ენმ არ მოგწონთ, მიეცით ხმა შედარებით პატიოსან, პატარა პარტიებს. აქ უნდა ყოფილიყო ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც გაანადგურეს.  ვაქცინაც გვექნებოდა და არც კოვიდით დაგვეხოცებოდა ამდენი ხალხი.

ისე მენატრებოდა აქაურობა...", - თქვა მან. 

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. 

 


close დახურვა