logo

პრეზიდენტი სპეცოპერაციაზე: დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია

21 ოქტ 202021:40
3 წუთის საკითხავი
clock 14 clock 210
4riz8pxmduxafso.jpg

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ პარტიებსა და მედიას მიმართავს და ამბობს, რომ პარტიებმა "დამატებითი დაძაბულობა" ხელოვნურად არ უნდა შექმნან, ხოლო მედიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნა უნდა გაითავლისწინოს. 

"მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, იმ დროს, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს და სამართალდამცავები, ამ ურთულესი მდგომარეობის მსხვერპლის გარეშე განმუხტვას ცდილობენ, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია, ართულებს სამართალდამცავების ამოცანას და საფრთხეს უქმნის მძევლების მშვიდობიან გათავისუფლებას.

ასევე, მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ სამართალდამცავი ორგანოების თხოვნა და ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ ისე, რომ არ შეაფერხონ ოპერატიული მოქმედებები", - წერია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზუგდიდში სპეცოპერაცია დღეს დაახლოებით 14:00 საათიდან დაიწყო - გამსახურდიას ქუჩაზე საქართველოს ბანკის ფილიალს თავს ავტომატით და ხელყუმბარით შეიარაღებული კაცი დაესხა. მან მძევლად 30-მდე ადამიანი დააკავა. მათი ნაწილი გათავისუფლებულია. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს. 

იქ, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, პროპუტინური პარტიის, ქართული მარშის ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი გაბედავაც მივიდა, რის შემდეგაც ადგილზე ვითარება დაიძაბა როგორც ევროპული საქართველოს კანდიდატმა, გიგი უგულავამ თქვა, გაბედავა იგინებოდა და ამბობდა, რომ კვარაცხელია "ნაცების მხარდამჭერია". მცირე სიტყვიერი დაპირისპირების და შეხლა-შემოხლის შემდეგ აქტივისტები დააკავეს.

 

 



close დახურვა