მწერალთა სახლის განცხადებით, ლიტერატურული პრემია ლიტერა მთარგმნელებისთვის წელს აღარ ჩატარდება. პრემია გასულ წელს მწერალთა სახლის ინიციატივით დაარსდა და იგი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსდა.
"ლიტერატურული პრემია ლიტერა და მთარგმნელობითი პრემია ლიტერა მთარგმნელებისთვის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ფინანსდება სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამის კულტურის ხელშეწყობა ფარგლებში ერთიან პროექტად და სამინისტროს პოზიციაა, განიხილოს ორივე პრემიის ჩატარება ერთიან ჭრილში, შესაბამისად ლიტერატურული კონკურსი ლიტერა მთარგმნელებისთვის 2021 ვეღარ გაიმართება", - აღნიშნულია განცხადებაში.
წელს აღარ ჩატარდება ლიტერატურული კონკურსი ლიტერაც. საკონკურსოდ წარმოდგენილი 110 წიგნიდან 92 მოხსნილია.
მწერლების უკმაყოფილება კულტურის სამინისტროს მიერ ჟიურის მეხუთე წევრის დანიშვნამ გამოიწვია, რის გამოც მათ საკუთარი წიგნები კონკურსიდან მოხსნეს. მწერალთა სახლში აცხადებენ, რომ თეა წულუკიანის მიერ ჟიურის წევრის დანიშვნის შემდეგ მათ სამინისტროსთან კომუნიკაციას ეცადა, თუმცა ამას უწყებიდან რეაგირება არ მოჰყოლია.