logo
ENG



პროკურატურამ გიორგი რურუას მიმართ ჯგუფური ძალადობისთვის სამ პირს ბრალი წარუდგინა

06 ნოე 202018:34
3 წუთის საკითხავი
 
8d00gk0i5alx61l.jpg

საქართველოს პროკურატურამ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი რურუაზე ჯგუფურად თავდასხმის გამო სამ პატიმარს ბრალი წარუდგინა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2 ნოემბერს პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები ჯგუფური ძალადობის გზით თავს დაესხნენ გიორგი რურუას და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სამივე პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად).

2 ნოემბერს გიორგი რურუას გლდანის მე-8 დაწესებულებაში პატიმრები დაესხნენ თავს. ინფორმაცია თავდაპირველად რურუას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა გაავრცელა. 

მოგვიანებით, თავდასხმის შესახებ ინფორმაცია პენიტენიურმა სამსახურმა დაადასტურა. მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით - ცემა ან სხვაგვარი ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად. გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა როგორც გიორგი რურუა, ასევე ყველა შესაბამისი პატიმარი და ინსპექტორი.

რურუას ადვოკატი საძაგლიშვილი თავდასხმას ხელისუფლების მიერ დაგეგმილს უწოდებს და მას საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს. მისი თქმით, რურუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

3 ნოემბერს გიორგი რურუაზე თავდასხმას გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა. ის მომხდარს განმაცვიფრებელს უწოდებს და რურუას ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" მეწილე 30 ივლისს დამნაშავედ სცნო. მოსამართლემ მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გიორგი რურუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 2020 წლის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილია, თუმცა მმართველი გუნდი ამ პირობას დღემდე არ ასრულებს.

 


close დახურვა