logo
ENG



პროკურატურამ ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეზე 5 ადამიანი დააკავა

18 თებ 202212:06
3 წუთის საკითხავი
 

პროკურატურამ ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეზე 5 ადამიანი დააკავა.

უწყების მტკიცებით, გამოძიების დადგინდა, რომ დაკავებულები თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და მოახდინეს დანაშაულებრივი გზით მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

დაკავებულებს ბრალი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება) მუხლით აქვთ წარდგენილი.

"დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დაფუძნებული საწარმოების ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი. დანაშაულებრივი ჯგუფის სამიზნეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები წარმოადგენდნენ.

ე.წ. ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, უკავშირდებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.

ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით ფასების ზრდა-შემცირებაზე ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში, შეძლებდნენ სოლიდური მოგების მიღებას. მომხმარებლისგან თანხმობის მიღების შემდგომ, მათგან ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოყოფილი თანხების განთავსება ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე და მათი ნაწილი ფიქტიური დანიშნულებით, ირიცხებოდა საქართველში, მათივე კომპანიების ანგარიშებზე. აღნიშნული სქემით განხორციელდა თაღლითურად დაუფლებული ათეულობით მილიონი ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავება განხორციელდა თაღლითობისთვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194 მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ხუთივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში, ანალოგიურ ფაქტზე ამ ეტაპისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი 17 პირის მიმართ, ხოლო 1 პირის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადაციო პროცედურები.

გარდა საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისა, სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ქსელის - ევროჯასტის მხარდაჭერით, საქართველოს მონაწილეობით ჩამოყალიბებული ერთობლივი საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, სისხლისსამართლებრივი დევნა ასევე დაწყებულია ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართული სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა, მათ შორის დანაშაულის ორგანიზატორთა მიმართაც, მათ შორის ისრაელის ტერიტორიაზე", - აცხადებენ პროკურატურაში.

ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეზე ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში სუს-ის უფროსი, გრიგოლ ლუილუაშვილი დაიბარა

ამ თემაზე სიუჟეტები ფორმულამ და მთავარმა არხმა 2021 წლის დეკემბერში მოამზადეს, 2022 წლის 3 თებერვალს კი პროკურატურამ 6 ადამიანი დააკავა.

ფორმულას და მთავარი არხის წყაროს ინფორმაციით, დანაშაულებრივ სქემებს სწორედ გრიგოლ ლილუაშვილი მფარველობდა. 

ნაციონალური მოძრაობის მიმართვის შემდეგ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კომიტეტში მოწვევას არ აპირებს.


close დახურვა