logo
ENG



ენმ ქოლ-ცენტრების საქმეზე გრიგოლ ლილუაშვილს პარლამენტში იბარებს

14 თებ 202213:10
3 წუთის საკითხავი
 

ენმ სუს-ის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს პარლამენტში იბარებს. 

პარტიის წევრის, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილის თქმით, შესაბამისი წერილი თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში მოსვლაზე ლილუაშვილს დღეს გაეგზავნება. 

ხაბეიშვილს კითხვების დასმა ქოლ ცენტრების საქმეზე სურს - თაღლითურ სქემებზე სიუჟეტები ფორმულამ და მთავარმა არხმა 2021 წლის დეკემბერში მოამზადეს, 2022 წლის 3 თებერვალს კი პროკურატურამ 6 ადამიანი დააკავა. 

პროკურატურის 3 თებერვლის განცხადებით, დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დააფუძნეს ექვსი შპს, მათ ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრებიოპერატორებად კი უცხო ენის მცოდნე ადამიანები დაასაქმეს. 

ქოლ-ცენტრების დანაშაულებრივი ფუნქციონირებისთვის შეიქმნა ათეულობით ელექტრონული სავაჭრო პლატფორმა. 

გამოძიების თანახმად, ქოლ ოპერატორები ცრუ სატელეფონო ნომრების გამოყენებით უკავშირდებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.

ფორმულას და მთავარი არხის წყაროს ინფორმაციით, დანაშაულებრივ სქემებს სწორედ გრიგოლ ლილუაშვილი მფარველობდა. 

2022 წლის 10 თებერვალს სუს-ის უფროსმა ლევან ხაბეიშვილს და 2 ტელეკომპანიას ცილისწამების მოტივით სასამართლოში უჩივლა. მისი ადვოკატის განცხადებით, "ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებით შეილახა და ზიანი მიადგა გრიგოლ ლილუაშვილის სახელს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას". 

ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ლილუაშვილმა სასამართლოსთვის მიმართვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც, მისი ინფორმაციით, ის საერთაშორისო გამოძიების ობიექტი გახდა.

"რამდენიმე დღის წინ მან და მე 2 ტელეკომპანიას გვიჩივლა სასამართლოში ქოლ ცენტრების საქმეზე. საქმე ეხება თაღლითურ ინტერნაციონალურ დანაშაულს, საიდანაც ქართული ოცნება - ბიძინა ივანიშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი დაახლოებით მილიარდ დოლარამდე შავ ფულს გამოიმუშავებდნენ. ამ ფულს წინასაარჩევნოდ იყენებდნენ ზონდერების მოსასყიდად საარჩევნო უბნებზე. 

რატომ მიმართა სასამართლოს, მიზეზი მარტივია - ვფიქრობთ, რომ ამ ადამიანის წინააღმდეგ დაიწყება გამოძიება, როგორც ქოლ ცენტრების მთავარ ე.წ კრიშაზე, რომლებიც ძარცვავენ ევროკავშირის მოქალაქეებს". - ამბობს ლევან ხაბეიშვილი. 

ქოლ-ცენტრებზე განცხადება მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმაც გააკეთა. მან ფინანსთა მინისტრს, ამ საქმის საქმიანობის შესწავლის მიზნით,საგამოძიებო სამსახურის მონაწილეობით სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა. 

ღარიბაშვილმა თქვა, რომ აუცილებელია, ამ საქმეზე სპეკულაციები შეწყდეს. 

მისივე მტკიცებით, ენმ "თავის გაფუჭებულს სხვებს აბრალებს" და რომ სწორედ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ და არიან ჩართული დანაშაულებრივ სქემებში.


close დახურვა