logo
ENG



პროკურატურა: ხარკივის ერთ-ერთ სოფელში 4 ცხედარი ვიპოვეთ, მათ წამების კვალი აღენიშნებათ

12 სექ 202220:12
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/12/9u7t7r3hpzcb0jf.jpg

ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხარკივის ოლქის სოფელ ზალიზნიჩეში პოლიციელებმა 4 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.

მათ სხეულზე წამების კვალი აღენიშნებათ. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დეოკუპაციის შემდეგ ადგილობრივებმა თავად მიმართეს შესაბამის უწყებებს და განაცხადეს, რომ რუსებმა მათი თანასოფლელები დახოცეს.

პროკურატურის ცნობითვე, გამოძიება დაწყებულია, ცხედრები კი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

გუშინ,  უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკივის რეგიონში უკვე 40-მდე დასახლება გაათავისუფლეს.

***

6 სექტემბრიდან 5 დღის განმავლობაში უკრაინულმა არმიამ შეძლო, გაერღვია რუსული ხაზები, შეეღწია მათი დაცვის 70 კილომეტრის სიღრმეში და გაეთავისუფლებინა 3 000 კვადრატული კილომეტრი. ეს იმაზე მეტია, ვიდრე რუსებმა უკრაინაში აპრილიდან დაიკავეს. 

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-25 კილომეტრში მდებარე პოზიციებამდე ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქში, იზიუმის ჩრდილოეთ გარეუბანსა და ლიმანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში და გაათავისუფლეს კუპიანსკის დასავლეთი ნახევარი. 

ISW ასევე აცხადებს, რომ უკრაინა, კონტრშეტევის პირობებში, იზიუმს მაქსიმუმ 48 საათში გაათავისუფლებს, თუ ეს უკვე არ გაუკეთებია. 

10 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა ბალაკლია-იზიუმიდან თავისი ჯარების გაყვანის შესახებ. რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის დაპყრობის შესახებ პირობების შეუსრულებლობა რუსეთის საინფორმაციო სივრცეს ანგრევს. 

რუსული ძალები აგრძელებენ გადაჯგუფებას ფრონტზე ხერსონის ოლქში, მანამ, სანამ უკრაინული ძალები აწარმოებენ პოზიციურ ბრძოლებს და აგრძელებენ რუსეთის ლოჯისტიკური ხაზების განადგურების კამპანიას.


close დახურვა