logo

პროკურორი: რამიშვილის თქმით, თეთრიწყაროში წამლების ანოტაცია მოიპოვა, გამოძიებამ ის ამოიღო

14 სექ 202016:00
3 წუთის საკითხავი
clock 11 clock 559
პროკურორი: რამიშვილის თქმით, თეთრიწყაროში წამლების ანოტაცია მოიპოვა, გამოძიებამ ის ამოიღო

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორის, ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა საგამოძიებო უწყებას წარუდგინა წამლების ანოტაცია, რომელიც, ადვოკატის მტკიცებით, საქმისთვის მნიშვნელოვანი დეტალია.

როგორც კოტრიკაძემ განმარტა, რამიშვილის ინფორმაციით, ანოტაცია თეთრიწყაროში ერთ-ერთ ტერიტორიაზე იპოვა, რომელიც პროკურორის მტკიცებით, საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებული არ არის. 

"როგორც თქვენთვის ცნობილია, მიხეილ რამიშვილი იმყოფებოდა თეთრიწყაროში, კონკრეტულ ლოკაციაზე, საიდანაც წარმოადგინა, მისი აზრით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე წამლების ანოტაცია, რაც გამოძიებამ ამოიღო და საქმეს შემდგომი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით დაერთო", - აღნიშნა პროკურორმა.

მისივე თქმით, რამიშვილის მიერ დასახელებულ ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება, რომელშიც ადვოკატიც მიიღებს მონაწილეობას. 

"რაც შეეხება ამ კონკრეტულ ლოკაციას - მიუხედავად იმისა, რომ მას არანაირი შემხებლობა არ აქვს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან და არც ერთი საქმეში არსებული მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილი იმყოფებოდა ამ ადგილზე, გამოძიების ფარგლებში დაიგეგმა შესაბამისი მოქმედება და რამიშვილს შესთავაზეს მონაწილეობა მიიღოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში. დანარჩენს გვიჩვენებს დოკუმენტზე დანიშნული ექსპერტიზები", - ამბობს ლაშა კოტრიკაძე. 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ექსპერტ-კრიმინალისტები თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ავტომობილს ამოწმებდნენ. შემოწმების პროცესში არც ერთი მხარე პროცედურის დეტალებზე არ საუბრობდა. როგორც ირკვევა, მანქანიდან სწორედ ხსენებული ანოტაციები უნდა ამოეღოთ.



close დახურვა