logo
ENG



პროკურორი: შაქარაშვილის ჩანთაზე აღმოჩენილ გენეტიკურ პროფილებს შორის ბრალდებულების დნმ არაა

01 სექ 202015:59
3 წუთის საკითხავი
 
tb9094xngdnlmvo.jpg

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის თქმით, შაქარაშვილის წელის ჩანთაზე საქმეზე ბრალდებული პირების დნმ-ის კვალი არ აღმოჩნდა.

როგორც პროკურორი იტყობინება, ექსპერტიზის შუალედური დასკვნის მიხედვით, წელის ჩანთაზე 5 გენეტიკური პროფილი ამოვიდა. მათგან  ერთი შაქარაშვილის დნმ-ია, ერთი - იმ პიროვნების, ვისგანაც გარდაცვლილმა ჩანთა ითხოვა. ერთი დნმ, სავარაუდოდ, შაქარაშვილის ახლობელ ქალს ეკუთვნის, ხოლო დანარჩენი 2 დნმ-ის კვლევა მიმდინარეობს და შესაძლოა, ისინი ერთმანეთის იდენტური იყოს.

"ამ ექსპერტიზის შედეგად, ჩანთაზე არსებული ბიოლოგიური მასალა შედარდა როგორც მკვლელობაში, ასევე თავდასხმაში ბრალდებულებს, ასევე იმ პირებს, რომლებმაც დაზარალებულები წაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან, ეს არის ე.წ. საბურთალოს მხარე, თუმცა მათი დნმ პროფილები არ ამოვიდა ჩანთაზე. ჩანთაზე ამოვიდა გიორგი შაქარაშვილის დნმ და უშუალოდ იმ პიროვნების დნმ, ვისგანაც მან ჩანთა ითხოვა.

ერთერთი დნმ პროფილი, პირდაპირ ექსპერტიზის დასკვნაშია მითითებული, რომ შესაძლებელია, იყოს გიორგი შაქარაშვილის ნათესავის. ამ კუთხითაც მიმდინარეობს საექსპერტო კვლევა," - ამბობს ყაზარაშვილი.

მისივე თქმით, ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც შესაძლებელია ყოფილიყო შემთხვევის ადგილზე, ან რაიმე სახით შეხება ჰქონოდა ამ ჩანთასთან, მიმდინარეობს კვლევა. ამ დროისთვის ექსპერტიზის ბიუროში 100-ზე მეტი დნმ პროფილია წარდგენილი.

მდინარე არაგვის ნაპირზე, ხიდის ბურჯზე ნაპოვნი გიორგი ჩანთა საქმეში ერთ-ერთი მთავარი ნივთმტკიცებაა. ის გამოძიებამ ექსპერიმენტის ჩატარებისას აღმოაჩინა.

საქმის პროკურორის თქმით, ჩანთაზე ბრალდებულების დნმ-ის კვალის არაღმოჩენა "არაფერს არ აქარწყლებს და თავიდან ვერავინ აირიდებს პასუხისმგებლობას. თუ ვინმეს დნმ-ს პროფილი არ აღმოჩნდა ჩანთაზე, არ ნიშნავს იმას, რომ მას არ ჰქონდა შეხება გიორგი შაქარაშვილთან ან უშუალოდ ჩანთასთან. დაიკითხება შესაბამისი ექსპერტი, რომელიც ახსნის იმ გარემოებებს, თუ რა შემთხვევაში რჩება დნმ პროფილი კონკრეტულ საგანზე".

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა

11 აგვისტოს პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმა. 

შეგახსენებთ, 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.


close დახურვა