logo
ENG



ნიკოლაძე: განაჩენი ობიექტურია, ბრალდებულების და მათი ოჯახების 9-თვიანი შოუ დასრულდა

09 მარ 202117:15
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/09/0ozgthmpvkebsv8.jpg

გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ ფეხბურთელის მკვლელობაში ბრალდებულების მიმართ გამოტანილი განაჩენი ობიექტურია. 

ნიკოლაძის თქმით, ბრალდებულები, ოჯახის წევრებთან ერთად, 9 თვის განმავლობაში "სპექტაკლს" დგამდნენ და ცდილობდნენ, საზოგადოებრივი აზრის ფორმირება მოეხდინათ. 

"განაჩენი არის სრულიად ობიექტური. ეს იყო ზუსტი, იდენტური ასახვა ჩადენილი დანაშაულისა, დამნაშავე პიროვნებების დამოკიდებულებისა მომხდარ ფაქტთან და საბოლოო ჯამში, აისახა ძალიან სწორ სასჯელში.

მეორე საკითხია ის, რომ ჩვენ ყველანი ვუყურებდით 9-თვიან სპექტაკლს, რომელსაც ატარებდნენ ბრალდებულები თავისი ოჯახის წევრებთან ერთად. მე არ ვიცი ოჯახის წევრებმა რამდენად იციან მათგან სიმართლე და ეს არც არის საინტერესო ჩვენი ოჯახისთვის, მაგრამ ეს 9-თვიანი შოუ დასრულდა, როცა მათ უნდოდათ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება იმ თვალსაზრისით, რომ ისინი იყვნენ უდანაშაულოები",- განაცხადა ნიკოლაძემ.

მისივე თქმით, უმიზეზოდ არცერთი პირი არ ყოფილა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული.

"არცერთი პირი ტყუილად არ ყოფილა მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ამას გეუბნებით მთელი პასუხისმგებლობით. ვისაც სისხლის სამართალი ესმის ანბანურ დონეზე, ყველა დამემოწმება იმას, რომ მტკიცებულებები იყო საკმარისზე მეტი, იმისათვის, რომ ეს განაჩენი დამდგარიყო. ყველამ კარგად იცოდა, რომ ისინი იყვნენ დამნაშავეები, ყველამ კარგად იცოდა, რომ ეს განაჩენი დადგებოდა. სხვა რამ ვერ მოხდებოდა სამართლებრივად და შესაბამისად, მივიღეთ ის შედეგი, რაც უნდა მიგვეღო", - თქვა მირიან ნიკოლაძემ.

დღეს, 9 მარტს, მცხეთის სასამართლომ შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულები გაამტყუნა. სასამართლომ ისინი დამნაშავედ სცნო ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ძალადობის, ასევე გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეში. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით: არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილი და ვახტანგ ჩიქოვანს 16-16 წლით პატიმრობა მიესაჯათ. მოსამართლემ გაამტყუნა ზ.ხ და ა.ქ-ც, რომლებიც შაქარაშვილის გარდაცვალების დროს არასრულწლოვნები იყვნენ. რამდენ წელს გაატარებენ ისინი პატიმრობაში, სასამართლო 16 მარტს გამოაცხადებს. 

პროკურატურის ვერსიით, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი სწორედ ხუთმა ადამიანმა მდინარე არაგვში გადააგდო, რის შედეგადაც, ის გარდაიცვალა.

19 წლის ფეხბურთელის ცხედარი 2020 წლის 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, მათგან 6 - არასრულწლოვანი. 


close დახურვა