logo
ENG



პროტესტის მონაწილეები კინოცენტრში წერილს შეიტანენ, მოთხოვნები უცვლელია

19 ივნ 202309:44
3 წუთის საკითხავი
 

კინოცენტრში პროტესტის მონაწილეები ფორმალურ წერილს შეიტანენ. მოთხოვნები უცვლელია, შეწყდეს რეორგანიზაციის პროცესი, შეიცვალოს კინოცენტრის ხელმძღვანელის არჩევის წესი და თანამშრომლებს ცენტრის ახალი ხელმძღვანელი, კობა ხუბუნაია შეხვდეს.

პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დაუგროვდათ, ამიტომ ხუბუნაიას თანამშრომლებთან შესახვედრად დროს საღამოს 6 საათამდე აძლევენ. შეხვედრის შემთხვევაში კინოცენტრის თანამშრომლების თქმით, დისკუსიას სოციალურ ქსელში, პირდაპირ ეთერში გადასცემენ.

"გამიზნულად გააკეთეს ეს ყველაფერი იმისთვის, რომ კინო აქციონ ციხის სისტემად, სადაც თვითონ იბატონებენ ისე, როგორც მათ სჭირდებათ და მათ ზემდგომ პირებს ანუ ხელისუფლებას სჭირდება. ამ წერილით ჩვენ მივმართავთ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულ, კობა ხუბუნაიას, რომ შეაჩეროს ის გაუგებარი პროცესი, რომელსაც თვითონ უწოდებენ რეორგანიზაციას."- ამბობს რეჟისორი, გიორგი თავართქილაძე. 

* * *

11 ივნისს კინოცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო კუხალაშვილმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან გათავისუფლებულია თანამდებობიდან.

მისი თქმით, წულუკიანმა რეორგანიზაცია დაიწყო, კინოცენტრის დებულებაში ცვლილებები შეიტანა, ხოლო დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კობა ხუბუნაია დანიშნა - ის კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსიცაა.

კობა ხუბუნაიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის 2021 წელს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო, მანამდე კი იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ აღსრულების ეროვნულ ბიუროში საფინანსო საკითხებში ეკონომიკური სამსახურის მრჩეველი იყო. 

მოგვიანებით მან ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კინოცენტრის თანამშრომლებს ოფისმენეჯერად პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტის, ბაჩო ოდიშარიას დანიშვნის ბრძანება დაუმალეს.

პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტი, ბაჩო ოდიშარია, რომელიც მისივე თქმით, კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, ფორმულასთან ამბობს, რომ კინოცენტრში "რეორგანიზაციაში ჩაერთვება."


close დახურვა