logo
ENG



"წულუკიანმა კინოცენტრის რეორგანიზაცია დაიწყო, გამათავისუფლეს" - დირექტორის მოადგილე

11 ივნ 202313:56
3 წუთის საკითხავი
clock 3197

კინოცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო კუხალაშვილი აცხადებს, რომ კულტურის სამინისტრომ მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან გათავისუფლებულია თანამდებობიდან.

ამის შესახებ ნინო კუხალაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, წულუკიანმა რეორგანიზაცია დაიწყო, კინოცენტრის დებულებაში ცვლილებები შეიტანა, ხოლო დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კობა ხუბუნაია დანიშნა - ის ახლა კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზეა. 

ხუბუნაიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის 2021 წელს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო, მანამდე კი იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი აღსრულების ეროვნულ ბიუროში საფინანსო საკითხებში ეკონომიკური სამსახურის მრჩეველი იყო. 

"წულუკიანმა დაიწყო კინოცენტრის რეორგანიზაცია. დღეს დამირეკეს კულტურის სამინისტროდან და მითხრეს, რომ ჩემი შტატი გაუქმებულია და 12 ივლისიდან განთავისუფლებული ვარ დირექტორის მოადგილის პოზიციიდან. მოადგილეების პოზიციის გაუქმებას ჭირდება ცვლილების შეტანა კინოცენტრის დებულებაში, რაც რა თქმა უნდა განახორციელა წულუკიანმა. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა კობა ხუბუნაია, რომელიც ორი დღით ადრე დანიშნეს კინოცენტრის ფინანსურ მენეჯერად, რომელსაც ამავე დროს უჭირავს კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის პოზიცია. უბრალოდ ინფორმაციისთვის, თორემ ახალი არაფერია, კინოცენტრს დიდი ხანია ვუწოდე კულტურის სამინისტროს დეპარტამენტი და ახლა ეს ყველაფერი სამართლებრივად "გაიმართა" - წერს ნინო კუხალაშვილი.

***

2 ივნისს, კინოცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც გოეთეს ინსტიტუტის მიერ გაგა ჩხეიძის დაჯილდოებას გამოეხმაურა და თქვა, რომ გადაისინჯება გადაწყვეტილება ჩხეიძის დირექტორობით ჩატარებული კინოფესტივალის დაფინანსების გაგრძელებაზე.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა გაგა ჩხეიძე და თქვა, რომ ეს მუქარაა ფესტივალის მიმართ.

კინოცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ აღნიშნული პოსტი კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მითითებითაა დაწერილი.

1-ელ ივნისს ცნობილი გახდა, რომ გოეთეს ინსტიტუტმა გაგა ჩხეიძე გოეთეს მედლით დააჯილდოვა. ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ ის კინოცენტრიდან უკრაინის მხარდაჭერის გამო მოხსნეს.

გაგა ჩხეიძე კინოცენტრიდან, რომელიც კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, 2022 წლის 14 მარტს გაათავისუფლეს.

კინოცენტრის დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი აუდიტის დასკვნა გახდა

ყოფილმა დირექტორი ამბობს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებული პოლიტიკური განცხადებაა.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე წუხილს გამოთქვამს და მოითხოვს, შენარჩუნებული იქნას კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დამოუკიდებლობა. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

კინოცენტრში აცხადებენ, რომ არსებობს საფრთხე, კინოცენტრი გახდეს საზოგადოებისათვის დახურული ორგანიზაცია, რომელიც კარგავს შეხების წერტილს დარგის წარმომადგენლებთან და წყვეტს კომუნიკაციას საზოგადოებასთან.


close დახურვა