logo

პროტოკოლი არ შეიცვლება - პლაქვენილს კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა სამკურნალოდ კვლავ გამოიყენებენ

clock 28 აპრ 202020:08

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში კოვიდის მიმღები კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ პროტოკოლში ცვლილება არ შევა და სამედიცინო დაწესებულებები პლაქვენილს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის კვლავ გამოიყენებენ. პლაქვენილის უარყოფით მხარეებზე სამეცნიერო წრეებში გავრცელებული წინააღმდეგობრივი ინფორმაციის მიუხედავად, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე შეერთებული შტატების წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტოს რეკომენდაციას ეყრდნობა.

მკურნალობის არსებული პროტოკოლის გამართულობაზე საუბრობდნენ შეხვედრის დასრულების შემდეგ კლინიკების ხელმძღვანელები. მტკიცებულებად კი, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობას ასახელებდნენ. ამის მიუხედავად, პროტოკოლში გარკვეული ცვლილების შეტანა უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. რა ნაწილში მოხდება კორექტირება - მედიკოსებს დღეს დეტალებზე არ უსაუბრიათ.

იმ ფონზე როცა ჯანდაცვის სამინისტრო პლაქვენილს გამოყენებაზე უარს არ ამბობს, მედიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ მედიკამენტით მკურნალობის გარშემო არსებული ეჭვები ჯერ კიდევ არაა განეიტრალებული და ქართულ ჯანდაცვის სისტემას მეტი სიფრთხილე მართებს. ფიქრობენ რომ მეტად უსაფრთხო იქნებოდა პლაქვენილის როგორც საკვლევი მედიკამენტის გამოყენება.

ჯანდაცვის ექსპერტები კი სამინისტროს იმ მედიკოსების გამოცდილების გაზიარებას ურჩევენ, რომლებიც ქვეყნის საზღვრებს მიღმა მუშაობენ და უფრო მეტ შემთხვევასთან აქვთ შეხება.

შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა სამშაბათს ახალი რეკომენდაცია გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ არასრული კლინიკური მონაცემებია იმისთვის, რათა კოვიდ 19-ის სამკურნალოდ, პლაქვენილის გამოყენება ურჩიონ ან არ ურჩიონ. აზიტრომიცინთან ამ პრეპარატის კომბინაციის რეკომენდაციას კი კლინიკური ცდების გარეშე, ინსტიტუტი მაღალი ტოქსიკურობის გამო მედიკოსებს არ ურჩევს. საკითხთან დაკავშირებით ამერიკულმა ჰოსპიტალებმა გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღეს.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა