ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ "რუსეთს არაფერი დაუკარგავს და არ დაკარგავს". ამის შესახებ მან აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე თქვა.
"დარწმუნებული ვარ არაფერი დაგვიკარგავს და არაფერს დავკარგავთ. მთავარი შენაძენი ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაა და ეს არის გარდაუვალი შედეგი იმისა, რაც ახლა ხდება", - განაცხადა პუტინმა.
მან ასევე რუსულ ნავთობის ფასზე ჭერის დაწესებაზე ისაუბრა. პუტინის თქმით, სამომავლოდ ეს ფასების ზრდას გამოიწვევს.
ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთმა ათეულობით ათასი ჯარისკაცი უკვე დაკარგა. სხვადასხვა ქვეყნის დაზვერვა კი რუსეთის მძიმე დანაკარგებზე საუბრობს.
აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, მოსკოვს სამხედრო პერსონალის დეფიციტი აქვს და სამხედროების რაოდენობის გასაზრდელად სხვადასხვა გზას ეძებს.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვაში აცხადებენ, რომ რუსეთმა ომის ექვსი თვის თავზე 25 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა.