ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო "მსოფლიოში სასურსათო კრიზისია, ენერგოპროდუქტებზე კი ფასები იზრდება".
მოსკოვი ამტკიცებს, რომ სასუქის დეფიციტის ფონზე, სანქციების გლობალური გავლენა ბევრად მნიშვნელოვანი იქნება.
პუტინი აცხადებს, რომ ენერგოპროდუქტებზე გაზრდილი ფასები დასავლეთს უბიძგებს, მეტი ფული დაბეჭდოს, რაც ღარიბ ქვეყნებში საკვების დეფიციტს გამოიწვევს.
"დასავლეთი გაამწვავებს სურსათის დეფიციტს მსოფლიოს უღარიბეს რეგიონებში, გამოიწვევს მიგრაციის ახალ ტალღებს და კიდევ უფრო აწევს საკვების ფასებს. ამ მდგომარეობაში, გლობალურად, სურსათის დეფიციტია. ჩვენ უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ საზღვარგარეთ საკვების გატანისას, განსაკუთრებით ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ ექსპორტს იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩვენ მიმართ მტრულად არიან განწყობილები". - თქვა მან.
გასულ კვირას პუტინის მთავრობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ რუსეთს შეუძლია, შეზღუდოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი და ისინი მხოლოდ მათ მიმართ მეგობრულად განწყობილ ქვეყნებს მიაწოდონ.
რუსეთს ევროპის ქვეყნებმა, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ და კანადამ მკაცრი სანქციები მას შემდეგ დაუწესეს, რაც რუსული არმია 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა. დასავლეთის ქვეყნებმა შეწყვიტეს სავაჭრო და დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. აგრესორი ქვეყანა დატოვეს დასავლურმა მსხვილმა ბიზნეს-კომპანიებმა.