logo
ENG



პუტინი: სამხედრო ოპერაციის მიზნები არ შეცვლილა, დასრულების ვადებზე საუბარი არასწორია

30 ივნ 202209:53
3 წუთის საკითხავი
 
პუტინი: სამხედრო ოპერაციის მიზნები არ შეცვლილა, დასრულების ვადებზე საუბარი არასწორია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნები არ შეცვლილა და რუსეთი კვლავ დონბასის რეგიონის "გათავისუფლებისთვის" იბრძვის.

"არაფერი შეცვლილა, 24-ში [თებერვალს] დილით ადრე პირდაპირ და საჯაროდ ვუთხარი მთელ ქვეყანას, მთელ მსოფლიოს. არაფერი მაქვს დასამატებელი, არაფერი შეცვლილა.

საბოლოო მიზანი - დონბასის გათავისუფლება, ამ ხალხის დაცვა და ისეთი პირობების შექმნაა, რომელიც თავად რუსეთის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს", - ამბობს პუტინი. 

ამასთან, პუტინის თქმით, "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" დასრულების ვადებზე საუბარი არასწორია.

"ვადებზე საუბარი არაა საჭირო, მე არასდროს ვლაპარაკობ ამაზე, რადგან ეს ცხოვრებაა, რეალური რამ. გარკვეულ ვადებში მოქცევა არასწორია", - ამბობს პუტინი.

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიების - დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქები "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" 22 თებერვალს აღიარა, ორი დღის შემდეგ კი, 24 თებერვალს მოქალაქეების "დაცვის" მოტივით უკრაინაში შეიჭრა. უკრაინაში ომს ოფიციალური მოსკოვი "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს.


close დახურვა