რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილ კონტრაქტორს, ედვარდ სნოუდენს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა.
სნოუდენის უფლებადამცველის ანატოლი კუჩერენის თქმით, მას რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია არ შეეხება, რადგან "მას რუსულ ჯარში არ უმსახურია და არ აქვს შესაბამისი გამოცდილება სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობისთვის".
***
2013 წელს სნოუდენმა ჟურნალისტებს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს საიდუმლო მასალები გადასცა. ფაქტმა საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ამის შემდეგ სნოუდენი ამერიკიდან გაიქცა. მას შპიონაჟის და სახელმწიფო საკუთრების მოპარვის ბრალდებით დაუსწრებლად 30-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. თავდაპირველად ის ჰონკონგში გაიქცა, რის შემდეგაც რუსეთში ჩავიდა. 1 თვეზე მეტხანს სნოუდენი რუსეთის შერემეტიევოს აეროპორტის ტრანზიტულ ზონაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც რუსეთმა თავშესაფარი მისცა.