23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა სახმარაულის ექსპერტიზის ბიურო უკვე დატოვა.
როგორც მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ბაჩალიაშვილის ვერცერთ სოციალურ ქსელში შესვლა ვერ მოხერხდა, მათ შორის ვერც Facebook-ისა და ვერც სამსახურეობრივი მეილის.
მიხეილ რამიშვილის თქმით, პროკურატურა Facebook-ის ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ მიმართავს, რომ ქსელში შესვლა ხელმეორედ სცადონ.
"სოციალური ქსელი Facebook, Gmail, Youtube, ვერცერთ სისტემაში ვერ შევედით აბსოლუტურად. სამსახურეობრივი email-იც იყო, რომლის კოდი 7 დღის წინ იყო შეცვლილი - ვერსად ვერ შევედით. როგორც პროკურატურამ ბრძანა, Facebook-ის ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ მიმართავენ, რათა გამოითხოვონ შინაარსობრივი ინფორმაციები და ყველა იმ სოციალური ქსელებიდან სრული ინფორმაცია. ვერანაირ ინფორმაციას ვერ ვღებულობთ, რაც არის სოციალურ ქსელებში",-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
მიხეილ რამიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საქმეში FBI-ის ჩართვა აუცილებელია, ვინაიდან შინაარსობრივი ინფორმაციის გამოთხოვა ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ნებართვის გარეშე არ ხდება.
"დამატებით არის ინფორმაციები, რომლის დამუშავება მიმდინარეობს და ყველაფერი ეს უნდა მოხდეს, რომ სრული ინფორმაცია მივიღოთ. მაგრამ ფაილი მოიძებნა, სადაც იყო კოდირება, თუმცა მაინც ვერ იხსნება და აქედან გამომდინარე ეს ჩვენი მოთხოვნა, რომ FBI ჩაერთოს - უკვე სავალდებულოა",-აცხადებს რამიშვილი.
ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმეში FBI-ის ჩართვას მოითხოვს. 4 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე FBI-სთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს - ამის შესახებ უწყებამ
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.