გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის სოციალური ქსელებიდან "აბსოლუტურად ყველაფერი წაშლილია".
ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან შსს-ს შენობიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრა.
"Whatsapp, Messanger, Facebook, Viber და ყველა სოციალური ქსელიდან წაშლილია აბსოლუტურად ყველაფერი. ბოლო ჩატი Whatsapp-ში არის 24 ივნისიდან წაშლილი, ბოლო ზარი - 6 ივნისიდან. თვით გამოძიებასაც, ვისაც დღეს შევხვდი, უკვე ჩემს კითხვაზე არანაირი პასუხი არ ჰქონდა. ძალიან ბევრი ვიდეოჩანაწერი ვნახეთ. დადგა საკითხი, რომ Google-სა და Facebook-ის ადმინისტრაციიდან სრულად წამოვიდეს ინფორმაციები", - თქვა ადვოკატმა შსს-დან გამოსვლის შემდეგ.
მისივე ინფორმაციით, სახლში აღმოჩენილი ახალი ჩანაწერი - "პირადად მე უძლური ვარ მის წინაშე" შსს-ში მიიტანეს. მისივე თქმით, მასზე ექსპერტიზა ჩატარდება და ყველაფერი გაირკვევა.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.