თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცველებს დრონებით ის ადგილი არ დაუთვალიერებიათ, სადაც პროგრამისტის ცხედარი იპოვეს.
როგორც რამიშვილმა აღნიშნა, დრონების ჩანაწერებში გაურკვეველი ტერიტორიებია დაფიქსირებული.
"ეს ჩანაწერები გაკეთებულია 19 ივლისიდან 21 ივლისამდე. სულ არის 9 ჩანაწერი. შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის სამძებრო სამუშაოები. მიახლოებითაც კი არ არის დრონი იქ ნამყოფი და გადაღებულიც არ არის არანაირი კილომეტრაჟით. აბსოლუტურად გაურკვეველი ტერიტორიებია დაფიქსირებული. სპეციალურად არ ჩატარდა სამძებრო სამუშაოები იმ მიმართულებით, სადაც ბოლო ინფორმაციით გაიარა თამარის ავტომობილმა. ვითომ მაწევანში უნდა ყოფილიყო ავტომობილი, იმ ტერიტორიაზე ხომ უნდა მოეძებნათ? არ არის იქ მოძებნილი ავტომობილი. იქ დრონით არ მუშაობდნენ", - განაცხადა რამიშვილმა.
ადვოკატი სატელიტიდან გადაღებულ სურათებს ელოდება, რომლითაც მისი თქმით, შესაძლებელი იქნება დადგინდეს, ნამდვილად იდგა თუ არა მაწევანის ტყეში ბაჩალიაშვილის ავტომობილი რამდენიმე დღის განმავლობაში.
"ველოდები სატელიტიდან სურათებს 18-დან 22 ივლისამდე შემთხვევის ადგილზე გადაცემული კოორდინატებით სურათებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავრწმუნდე, იმ ადგილას იდგა თუ არ იდგა თამარის ავტომობილი", - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს სოფელ მაწევანის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს და ძირითადი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა.
პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, გარდაცვლილის სხეულში აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატები. ასევე, 4 სექტემბერს უწყებამ გამოაქვეყნა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ ბაჩალიაშვილმა 17 ივლისს რამდენიმე სხვადასხვა აფთიაქში წამლები იყიდა. გარდაცვლილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ მას წამლები თვითმკვლელობის მიზნით არ შეუძენია და ამ მედიკამენტების ყიდვა აიძულეს.