logo
ENG



რას ამბობს მიხეილ სააკაშვილი ფორმულასთან Trump Tower-ის ამჟამინდელ პროექტზე

22 აპრ 202610:58
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/22/h11piff1wkqptmh.jpg

ფორმულას გადაცემამ - ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან ერთად საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს Trump Tower-თან დაკავშირებით კითხვით მიმართა.

პასუხში მესამე პრეზიდენტი საუბრობს, რა მთავარი განსხვავებაა დონალდ ტრამპთან ამ პროექტზე 2012 წელს არსებულ შეთანხმებასა და ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენების გეგმებს შორის.

"ტრამპის პროექტი მაშინ იყო უშუალოდ ტრამპის თანაინვესტიცია, ამიტომ ჩამოვიდა ის აქ, თორემ შემდეგ აზერბაიჯანმა გააკეთა ჩვენი მიბაძვით ფრენჩაიზი (უბრალოდ,სახელი იყიდა), არსებულ შენობებს დააკრა ტრამპის სახელი და ამას ტრამპისგან არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია.

სწორედ ამ მეორე ვარიანტს აკეთებს ახლა ივანიშვილი, თან პარტნიორად აირჩია თემურ სეფიაშვილის (საფირის) შვილი, რომელიც ხელმოცარული ბიზნესმენი და უბრალოდ, აფერისტია.

ბათუმში ის შენობა იდგებოდა ისეთ ადგილას, რომ აუცილებლად გახდებოდა ქალაქის და ქვეყნის სიმბოლო, აქ კი ხალხს ართმევს დაპირებულ პარკს", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

Trump Tower და საქართველო - ივანიშვილის გარდასახვა. როგორ გახდა მოსაწონი ის, რაც წლების წინ მიუღებელი იყო. გადაცემის სიუჟეტი თემაზე:

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ოჯახის უძრავი ქონების კომპანია და მისი პარტნიორი კომპანიები თბილისში 70 სართულიანი ცათამბჯენის Trump Tower-ის აშენებას გეგმავენ.

The Trump Organization-ის პროექტის პარტნიორების წარმომადგენელის თანახმად, ცათამბჯენი მოიცავს ელიტურ საცხოვრებლებს, სავაჭრო სივრცეებს და სასტუმროს სტილის სერვისებს.

ცათამბჯენს არქიტექტურული კომპანია Gensler-ი აპროექტებს და მხარს უჭერს კონსორციუმი, რომელიც მოიცავს საქართველოს უძრავი ქონების კომპანია Archi Group-ს და Biograpi Living-ს. პროექტში ასევე მონაწილეობს ნიუ-იორკში დაფუძნებული დეველოპერი და ტრამპის ყოფილი პარტნიორი Sapir Organization.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შვილის ერიკ ტრამპის თქმით, თბილისში დაგეგმილი პროექტით კომპანიის "გლობალურად ცნობილი სრულყოფილების სტანდარტი" საქართველოშიც გავრცელდება. 

გამოცემა წერს, რომ 2012 წელს ეს კომპანია გეგმავდა პროექტს ბათუმში, მაგრამ მოგვიანებით უარი თქვა, რათა აეცილებინა ინტერესთა კონფლიქტის შთაბეჭდილება.


close დახურვა